4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
  2. 2
    უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
  3. 3
    უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
  4. 4
    მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
  5. 5
    წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
  6. 6
    როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
  7. 7
    მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
  8. 8
    ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
  9. 9
    უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
  10. 10
    მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
  11. 11
    ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
  12. 12
    უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
  13. 13
    უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
  14. 14
    ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
  15. 15
    უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
  16. 16
    უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
  17. 17
    დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
  18. 18
    გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
  19. 19
    შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
  20. 20
    წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
  21. 21
    ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
  22. 22
    მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
  23. 23
    ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
  24. 24
    შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
  25. 25
    წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
  26. 26
    ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
  27. 27
    როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
  28. 28
    უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
  29. 29
    უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
  30. 30
    უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
  31. 31
    მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
  32. 32
    შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
  33. 33
    შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
  34. 34
    ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
  35. 35
    გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
  36. 36
    უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
  37. 37
    მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
  38. 38
    ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
  39. 39
    ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
  40. 40
    დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
  41. 41
    თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
  42. 42
    კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
  43. 43
    ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
  44. 44
    მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
იტვირთება შემდეგი თავი