4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეებმა ელისეს: "აჰა, ადგილი, სადაც ვმკვიდრობთ შენ წინაშე, ძალიან ვიწროა ჩვენთვის;
- 2გთხოვთ, გაგვიშვი იორდანეზე, ავიღებთ იქიდან თითოეული თითო მორს და გავიკეთებთ ჩვენთვის საცხოვრებელ სადგომს”. მიუგო: "წადით”.
- 3უთხრა ერთმა მათგანმა: "გთხოვ, ინებე და წამოგვყევი შენს მსახურებს”. უპასუხა: "წამოვალ”.
- 4წავიდა მათთან ერთად. მივიდნენ იორდანესთან და ჭრიდნენ ხეებს.
- 5მაგრამ, როცა ერთი მათგანი მორს აქცევდა, ცულის თავი წყალში ჩაუვარდა. და შეჰყვირა: "ვაი, ბატონო, ნათხოვარი მქონდა!”
- 6ჰკითხა ღვთისკაცმა: "სად ჩავარდა?” უჩვენა მას ადგილი. მან ტოტი მოჭრა, ჩააგდო და ამოტივტივდა რკინა.
- 7უთხრა: "აიღე”. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
- 8არამელთა მეფე ებრძოდა ისრაელს; ეთათბირებოდა თავის სარდლებს: "ამა და ამ ადგილზე ჩავუსაფრდებიო”.
- 9შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: "ამ ადგილზე ნუ გაივლი, რადგან იქ ჩაგისაფრდნენ არამელნი”.
- 10გაგზავნა ისრაელის მეფემ იმ ადგილზე, რომელზეც ღვთის კაცმა უთხრა და გააფრთხილა. გადაირჩინა თავი არა ერთგზის და ორგზის.
- 11შეშფოთდა არამელთა მეფე, მოუხმო თავის მსახურებს და ჰკითხა: "არ მეტყვით, ვინ ემხრობა ჩვენგან ისრაელის მეფეს?”
- 12მიუგო მისმა ერთმა მსახურმა: "არავინ მეფევ, ჩემო ბატონო. ისრაელში მცხოვრები წინასწარმეტყველი ელისე ეუბნება ისრაელის მეფეს სიტყვებს, რომელთაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ”.
- 13ბრძანა მეფემ: "წადით და იპოვეთ, სად არის, რათა გავგზავნო და მოვაყვანინო”. შეატყობინეს: "აჰა, დოთანშია”.
- 14გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდი ლაშქარი. მივიდნენ ღამით და ალყაში მოიქციეს ქალაქი.
- 15ადგა დილაადრიან ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა და, აჰა, ლაშქარი შემორტყმია ქალაქს ცხენებითა და ეტლებით. ჰკითხა მსახურმა: "ვაი, ბატონო, როგორ მოვიქცეთ?”
- 16მიუგო ელისემ: "ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”.
- 17ასე ილოცა ელისემ: "უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
- 18დაეშვნენ მისკენ არამელნი და ილოცა ელისემ უფლის წინაშე: "გთხოვ, სიბრმავით დალახვრე ეს წარმართნი”. და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
- 19უთხრა მათ ელისემ: "ეს ის გზა და ის ქალაქი არ არის. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, რომელსაც ეძებთ”. და სამარიისკენ წაიყვანა ისინი.
- 20სამარიაში რომ მივიდნენ, თქვა ელისემ: "უფალო! აუხილე თვალი, რათა დაინახონ”. აუხილა მათ თვალი და დაინახეს: აჰა, შუა სამარიაში არიან.
- 21ჰკითხა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა ისინი დაინახა: "დავხოცო, მამაო ჩემო, დავხოცო?”
- 22მიუგო: "ნუ დახოცავ. განა შენი მახვილითა და მშვილდით დაატყვევე, რომ ამოხოცო? დაუდე წინ პური და წყალი, რათა ჭამონ, სვან და გაბრუნდნენ თავიანთ ბატონთან”.
- 23დიდი ნადიმი გაუმართა მათ მეფემ და როცა ჭამეს და სვეს, გაუშვა და წავიდნენ თავიანთ ბატონთან. აღარ გამოსულან არამელთა რაზმები ისრაელის წინააღმდეგ.
- 24ამის მერე შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამელთა მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, გამოვიდა და გარს შემოადგა სამარიას.
- 25დიდი შიმშილი იყო სამარიაში; იმდენ ხანს ყავდათ ალყაში ქალაქი, რომ სახედრის თავი ოთხმოცი ვერცხლი ღირდა, მეოთხედი კაბა მტრედის სკლინტი კი - ხუთი ვერცხლი.
- 26გაიარა ისრაელის მეფემ ქალაქის გალავანზე და ერთმა ქალმა შეჰბღავლა: "მიშველე მეფევ, ჩემო ბატონო!”
- 27მიუგო მეფემ: "თუ უფალი არ გშველის, მე საიდან გიშველო - კალოდან თუ საწნახელიდან?”
- 28ჰკითხა მეფემ: "რა შეგემთხვა?” მიუგო: "ერთმა ქალმა მითხრა: მოდი, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ კი ჩემიო.
- 29მოვხარშეთ ჩემი ძე და ვჭამეთ. მეორე დღეს ვუთხარი: ახლა შენი ძე შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი ძე”.
- 30როცა მეფემ ქალის სიტყვები მოისმინა, სამოსელი შემოიხია, გალავანზე გავიდა და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ სხეულზე.
- 31თქვა: "ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ელისე შაფატის ძეს თავი შერჩეს მხრებზე ამ დღის ბოლომდე”.
- 32თავის სახლში იჯდა ელისე უხუცესებთან ერთად. კაცი გაგზავნა მეფემ, მაგრამ სანამ ის მივიდოდა ელისესთან, უთხრა მან უხუცესებს: "ხედავთ, კაცი გამომიგზავნა მკვლელის შვილმა, რომ თავი მომკვეთოს. დახურეთ კარი მოციქულის მოსვლისას და ჩარაზეთ! განა მისი ბატონის ფეხის ხმა არ ისმის მის უკან?”
- 33ჯერ კიდევ ლაპარაკობდა იგი, რომ მეფეც მოვიდა და თქვა: "აჰა, უფლისგანაა ეს უბედურება! რაღად უნდა ვიტოვებდე უფლის იმედს?”
იტვირთება შემდეგი თავი