4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    თქვა ელისემ: "ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი ეღირება და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი”.
  2. 2
    მიუგო ღვთისკაცს მეფის ერთ-ერთმა მსახურმა, რომლის მკლავსაც მეფე ეყრდნობოდა: "აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი რამ?” მიუგო ელისემ: "შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ”.
  3. 3
    ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭესთან და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "რატომ უნდა ვისხდეთ აქ სიკვდილის მოსვლამდე?
  4. 4
    თუ ქალაქში შევალთ, შიმშილია ქალაქში და დავიხოცებით; თუ აქ დავრჩით, მაინც დავიხოცებით. ავდგეთ და არამელთა ბანაკს მივადგეთ. თუ დაგვინდეს და გვაცოცხლეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცებით”.
  5. 5
    ადგნენ დაბინდებისას, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკის მისადგომებს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.
  6. 6
    უფალმა ჩაასმინა არამელთა ლაშქარს ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდი ლაშქრის ყიჟინა. ერთმანეთისთვის უთქვამთ: ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები დაიქირავა ჩვენს წინააღმდეგ ისრაელის მეფემ და თავს დაგვესხნენო.
  7. 7
    ამდგარან და გაქცეულან დაბინდებისას, მიატოვეს კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად დატოვეს და გაიქცნენ თავის გადასარჩენად.
  8. 8
    მივიდნენ კეთროვნები ბანაკის მისადგომებთან, შევიდნენ ერთ კარავში, ჭამეს და სვეს, აიღეს ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.
  9. 9
    და უთხრეს ერთმანეთს: "ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყების დღეა, ჩვენ კი ჩუმად ვართ. თუ გათენებამდე ვიცდით, სასჯელი არ აგვცდება. ახლავე წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ”.
  10. 10
    მივიდნენ, დაუძახეს კარიბჭის მცველებს და უამბეს: "არამელთა ბანაკში მივედით და იქ კი არავინ დაგვხვდა, კაციშვილის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ დაბმული ცხენები და სახედრები და მიტოვებული კარვები ვნახეთ”.
  11. 11
    დაუძახეს მათ გუშაგებს და მათაც გაავრცელეს ეს ამბავი მეფის სასახლეში.
  12. 12
    ადგა მეფე ღამით და უთხრა მსახურებს: "ახლა გეტყვით, რა ჩაიფიქრეს არამელებმა. იციან, რომ ვშიმშილობთ, გავიდნენ ბანაკიდან, ველზე ჩაგვისაფრდნენ და ამბობენ: როცა ქალაქიდან გამოვლენ, ცოცხლად შევიპყრობთ და ქალაქსაც ავიღებთო”.
  13. 13
    მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: "გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი და გავიგოთ რა მოხდა, რადგან ისინი მაინც ისრაელის სიმრავლესავით იქნებიან რომელიც განადგურდა. გავგზავნოთ და ვნახოთ”.
  14. 14
    გაიყვანეს ცხენებში ჩაბმული ორი ეტლი, გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: "წადით და ნახეთ”.
  15. 15
    იორდანემდე მიჰყვნენ მათ კვალს და, აჰა, მთელი გზა სავსე იყო ტანისამოსით და საბრძოლო აღჭურვილობით, არამელებს რომ დასცვენოდათ სიჩქარეში. მობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
  16. 16
    გავიდა ხალხი და გაძარცვა არამელთა ბანაკი; ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი გახდა და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.
  17. 17
    კარიბჭის მეთვალყურედ მეფემ ის მსახური დააყენა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა; გადათელა იგი ხალხმა კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მეფე ჩავიდა.
  18. 18
    ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: "ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი ეღირებაო და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი ხვალ ამ დროს, სამარიის კარიბჭესთან”.
  19. 19
    მიუგო მაშინ ღვთისკაცს მეფის მსახურმა: "სარკმლებიც რომ გაუკეთოს უფალმა ზეცას, განა მოხდება ასეთი რამ?” მან კი უპასუხა: "შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ”.
  20. 20
    ასეც აუხდა: გადათელა იგი ხალხმა კარიბჭეში და მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი