4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1უთხრა ელისემ ქალს, რომლის ძეც გააცოცხლა: "ადექით, წადით, შენ და შენი სახლეული და იქ გაიხიზნეთ, სადაც მოგიხერხდებათ, რადგან შიმშილს მოუხმო უფალმა ამ მიწაზე და მოვიდა კიდეც შვიდი წლით”.
- 2ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყისამებრ მოიქცა; წავიდა თავისი სახლეულითურთ და ფილისტიმელთა ქვეყანაში მდგმურობდა შვიდ წელიწადს.
- 3დაბრუნდა ეს ქალი შვიდი წლის დამლევს ფილისტიმელთა ქვეყნიდან და მეფესთან მივიდა, რათა თავისი სახლი და მიწა გამოეთხოვა.
- 4ამ დროს გეხაზს ელაპარაკებოდა მეფე, ღვთისკაცის მსახურს: "მიამბე ყველა დიდი სასწაული, რომელიც ელისემ მოახდინაო”.
- 5ისიც უყვებოდა, მკვდარი რომ გააცოცხლა და, აჰა, სწორედ მაშინ მოვიდა ის ქალი, რომლის ძეც გააცოცხლა, თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. თქვა გეხაზმა: "მეფევ, ჩემო ბატონო! ესაა ის ქალი და ესაა მისი ძე, რომელიც ელისემ გააცოცხლა”.
- 6გამოჰკითხა ქალს მეფემ და მანაც უამბო. გააყოლა მას მეფემ ერთი მთავართაგანი ამ სიტყვებით: "დაუბრუნე ყველაფერი, რაც მისია და მისი მიწის მთელი მოსავალი, რაც ქვეყნის დატოვების დღიდან დღემდე იქნა მოწეული”.
- 7მივიდა ელისე დამასკოს და ავად იყო ბენ-ჰადადი, არამელთა მეფე. შეატყობინეს: "ღვთისკაცი მოვიდაო”.
- 8უთხრა მეფემ ხაზაელს: "ძღვენი აიღე ხელში, წადი, შეხვდი ღვთისკაცს და აკითხვინე უფალთან, თუ განვიკურნები ამ სნეულებისგან.
- 9ხაზაელიც გაემართა მასთან შესახვედრად, თან ძღვენი წაიღო თავისი ხელით: ყოველგვარი სიკეთე დამასკოდან, ორმოცი დატვირთული აქლემი; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "შენმა ძემ, ბენ-ჰადადმა, არამელთა მეფემ, წარმომგზავნა შენთან ამ სიტყვებით, თუ განვიკურნებიო ამ სნეულებისგან”.
- 10მიუგო მას ელისემ: "წადი და უთხარი: უცილობლად განიკურნები. თუმცა, მიჩვენა უფალმა, რომ უცილობლად მოკვდება იგი”.
- 11სახეზე მიაშტერდა ელისე, ვიდრე არ შერცხვა ხაზაელს. აქვითინდა ღვთისკაცი.
- 12ჰკითხა ხაზაელმა: "რად მოსთქვამს ჩემი ბატონი?” მიუგო: "რადგან ვიცი, რა ბოროტებას დააწევ ისრაელიანებს: მათ სიმაგრეებს ცეცხლს მისცემ და ჭაბუკებს მახვილით ამოხოცავ, ჩვილებს გასრეს და ორსულებს აჩეხავ”.
- 13თქვა ხაზაელმა: "ვინ ძაღლია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე მოიმოქმედოს?” უპასუხა ელისემ: "შენი თავი მიჩვენა უფალმა არამის მეფედ”.
- 14წავიდა ხაზაელი ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა მეფემ: "რა გითხრა ელისემ?” მიუგო: "მითხრა, რომ უცილობლად განიკურნები”.
- 15მეორე დღეს კი აიღო საბანი, ამოავლო წყალში, სახეზე გადააფარა და მოკვდა მეფე, ხოლო მის ნაცვლად ხაზაელი გამეფდა.
- 16ისრაელზე იორამ ახაბის ძის გამეფების მეხუთე წელს, გამეფდა იუდაზე იოშაფატის ძე, იორამი.
- 17ოცდათორმეტი წლის იყო, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
- 18ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა ისიც, ახაბის სახლეულივით, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად; ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში,
- 19მაგრამ არ ინება უფალმა იუდას მოსპობა, თავისი მსახურის, დავითის გამო, რადგან აღთქმული ჰქონდა, რომ ლამპარს მისცემდა მას და მის ძეებს.
- 20მისი მეფობის დღეებში აუმხედრდა ედომი იუდას და დაისვა მეფე.
- 21წავიდა იორამი ცაყირში, თან ახლდა მთელი თავისი ეტლიონი; ადგა ღამით, გაემზადა და დაეცა ედომელებს და ეტლების მთავრებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
- 22გამოეცალა ედომი იუდას ხელს და ასეა დღემდე. იმავე დროს აჯანყდა ლიბნაც.
- 23იორამის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 24მიიძინა იორამმა და დაიკრძალა დავითის ქალაქში თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.
- 25ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის გამეფებიდან მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ძე.
- 26ოცდაორი წლის იყო ახაზია, როცა გამეფდა და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ღოთოლია, ყომრის, ისრაელის მეფის ასული.
- 27ახაბის სახლის გზით დადიოდა ისიც და ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო.
- 28იორამთან, ახაბის ძესთან ერთად წავიდა იგი, რათა არამელთა მეფეს, ხაზაელს შებრძოლებოდა გილყადის რამოთს და დაჭრეს იორამი არამელებმა.
- 29დაბრუნდა მეფე იორამი, რათა განეკურნა ჭრილობები, რომლებიც არამელებმა ხაზაელის წინააღმდეგ ბრძოლისას მიაყენეს იზრეყელის რამაში. ჩავიდა იზრეყელში იუდას მეფე, ახაზია იორამის ძე, იორამის მოსანახულებლად, რადგან სნეული იყო იგი.
იტვირთება შემდეგი თავი