4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთს წინასწარმეტყველთა ძეთაგან და უთხრა: "სარტყელი შეიბი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და გილყადის რამოთს წადი.
- 2მიდი და მოძებნე იეჰუ, ნიმშის ძის, იოშაფატის ძე; წამოაყენე მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვანე.
- 3აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, უთხარი: - ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარი გააღე და გაიქეცი, ნუღარ მოიცდი”.
- 4წავიდა ეს ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს.
- 5მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდალნი; უთხრა: "სიტყვა მაქვს შენთვის, მთავარო”. თქვა იეჰუმ: "რომელ ჩვენგანთან?” მიუგო: "შენთან, მთავარო”.
- 6ადგა და შევიდა სახლში, ზეთი გადაასხა თავზე და უთხრა: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ხალხის, ისრაელის მეფედ.
- 7შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.
- 8დაიღუპება ახაბის მთელი სახლი და მოვუსპობ ახაბს კედელზე მიმშარდავს ისრაელში, მონასაც და თავისუფალსაც.
- 9ვაქცევ ახაბის სახლს, იერობყამ ნაბატის ძის და ბაყაშა ახიას ძის სახლებივით.
- 10იეზებელს კი იზრეყელის ველზე ძაღლები შეჭამენ და არავინ იქნება მისი დამმარხველი”. გააღო კარი და გაიქცა.
- 11გამოვიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; ჰკითხეს: "ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?” მიუგო: "ეგ კაციც იცით და მისი ლაპარაკიც”.
- 12მიუგეს: "ტყუი, ახლავე გვითხარი სიმართლე!” უპასუხა: "ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებო ისრაელის მეფედ”.
- 13სწრაფად აიღო თითოეულმა თავისი სამოსელი და საფეხურებზე დაუფინეს, საყვირს ჩაჰბერეს და თქვეს: "გამეფდა იეჰუ”.
- 14შეთქმულება მოუწყო იეჰუმ, იოშაფატის ძემ, ნიმშის შვილიშვილმა, იორამს, როცა იგი მთელ ისრაელთან ერთად გილყადის რამოთს იცავდა, ხაზაელის, არამის მეფისგან.
- 15თავად მეფე იორამი იზრეყელში დაბრუნდა ხაზაელთან, არამის მეფესთან ბრძოლის დროს არამელთაგან მიყენებული ჭრილობების მოსარჩენად. თქვა იეჰუმ: "თუ თანახმა ხართ (რომ ვიმეფო), არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეყელში ამბის მისატანად”.
- 16ამხედრდა იეჰუ და წავიდა იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფე ახაზიაც იქ იყო მისული იორამის მოსანახულებლად”.
- 17გუშაგი იდგა კოშკზე იზრეყელში; დაინახა იეჰუს მხედართა რაზმი რომ მოდიოდა და თქვა: "რაზმს ვხედავ”. უთხრა იორამმა: "გაგზავნე მხედარი, მიეგებოს და ჰკითხოს, ხომ მშვიდობაა-თქო?”
- 18წავიდა მხედარი შესახვედრად და უთხრა: "ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობააო?” უპასუხა იეჰუმ: "შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? მე გამომყევი!” შეატყობინა გუშაგმა მეფეს: "მივიდა მათთან მოციქული მაგრამ უკან აღარ ბრუნდება”.
- 19მეორე მხედარი გაგზავნა; ისიც მივიდა მათთან და უთხრა: "ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობააო?” უპასუხა იეჰუმ: "შენ არავინ გეკითხება მშვიდობას. უკან გამომყევი!”
- 20შეატყობინა გუშაგმა მეფეს: "მივიდა მათთან მოციქული, მაგრამ აღარ ბრუნდება. ეტლს იეჰუ ნიმშის ძესავით მართავს, რადგან შეშლილივით იქცევა”.
- 21თქვა იორამმა: "შემიკაზმეთ!” შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამი, ისრაელის მეფე და ახაზია, იუდას მეფე, თითოეული თავისი ეტლით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეხვდნენ ნაბოთ იზრეყელელის ველზე.
- 22დაინახა იორამმა იეჰუ და თქვა: "ხომ მშვიდობაა, იეჰუ?” უპასუხა: "რა მშვიდობა უნდა იყოს იეზებელის, დედაშენის მრუშობისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?”
- 23უკან გატრიალდა იორამი, გაიქცა და უთხრა ახაზიას: "ღალატია, ახაზია!”
- 24მთელი ძალით მოზიდა მშვილდი იეჰუმ და ბეჭთა შორის დაჰკრა, ისე რომ გულამდე გავიდა ისარი; ჩაიმუხლა თავის ეტლზე იორამმა.
- 25უთხრა იეჰუმ ბიდკარს, თავის მხლებელს: "აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის მიწაზე; გაიხსენე, მე და შენ ერთად მივყვებოდით ცხენდაცხენ ახაბს, მამამისს, ეს რომ მიუსაჯა უფალმა:
- 26განა ნაბოთის სისხლი და მისი ძეების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე მიწაზე მოგაგებ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე მინდორში უფლის სიტყვისამებრ”.
- 27ეს რომ ახაზიამ, იუდას მეფემ დაინახა, ბეთ-ჰაგანის გზით გაიქცა. დაედევნა იეჰუ და ყვიროდა: "ეგეც მოკალით თავისივე ეტლში”. დაიჭრა იგი გურის აღმართზე, იბლეყამთან, მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.
- 28წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და საკუთარ სამარხში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში დამარხეს.
- 29იორამ ახაბის ძის მეფობის მეთერთმეტე წელს, გამეფდა ახაზია იუდაზე.
- 30მივიდა იეჰუ იზრეყელში. იეზებელმა რომ შეიტყო, თვალები შეიღება, თავი გაილამაზა და სარკმელში გაიხედა.
- 31შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, გადმოსძახა იეზებელმა: "ნუთუ მშვიდობითაა ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელი?”
- 32ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: "ვინაა ჩემკენ, ვინ?” ორმა-სამმა საჭურისმა გადმოიხედა.
- 33უთხრა იეჰუმ: "გადმოაგდეთ ეგ ქალი”. გადმოაგდეს; მისი სისხლი კედელსა და ცხენებს მიესხა და გადათელეს იგი.
- 34მივიდა იეჰუ, ჭამა და სვა, თქვა: "მიხედეთ იმ წყეულს და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია”.
- 35წავიდნენ მის დასამარხად, მაგრამ ვეღარაფერი ნახეს მისგან, მხოლოდ თავის ქალა, ფეხები და ხელის მტევნები.
- 36დაბრუნდნენ და უამბეს იეჰუს. თქვა: "ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იეზებელის ხორცს.
- 37და იქნება იეზებელის გვამი, როგორც ნეხვი მინდორში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვას - აი, ეს არისო იეზებელი”.
იტვირთება შემდეგი თავი