2 პეტრეს წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
- 2მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
- 3ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თავზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.
- 4რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
- 5არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
- 6მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
- 7ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
- 8რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
- 9ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
- 10უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
- 11მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
- 12ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
- 13და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
- 14მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
- 15სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
- 16მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
- 17ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
- 18ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
- 19თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
- 20ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
- 21უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
- 22იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
იტვირთება შემდეგი თავი