2 პეტრეს წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორივეში წრფელ აზროვნებას ვაღვიძებ თქვენში შეხსენებით,
- 2რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.
- 3პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
- 4და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო.
- 5ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით;
- 6და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო.
- 7ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.
- 8არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
- 9არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
- 10ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.
- 11თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?
- 12რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.
- 13ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
- 14ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,
- 15და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;
- 16ამის შესახებ ლაპარაკობს იგი ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ.
- 17თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
- 18პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!