2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
- 2ერთ საღამოს, ადგა დავითი თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ძალზე ლამაზი იყო ქალი.
- 3და გაგზავნა დავითმა ქალის ამბის გამოსაკითხად; უთხრეს: "ბათ-შებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი”.
- 4მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
- 5დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს: "ორსულად ვარ”.
- 6შეუთვალა იოაბს დავითმა: "გამომიგზავნე ურია ხეთელი”. იოაბმაც გამოუგზავნა.
- 7მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი.
- 8უთხრა დავითმა ურიას: "წადი სახლში და ფეხები დაიბანე”. გავიდა ურია დავითის სახლიდან და მეფის ძღვენი გააყოლეს უკან.
- 9მაგრამ ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია, თავისი ბატონის მსახურებთან ერთად, სახლში არ წასულა ურია.
- 10უთხრეს დავითს, "სახლში არ წავიდა ურია”. ჰკითხა დავითმა: "ხომ ნამგზავრი იყავი? სახლში რატომ არ წახვედი?”
- 11უთხრა ურიამ დავითს: "როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურნი ველზე ბანაკობენ, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ მოვიქცევი ასე!”
- 12უთხრა დავითმა ურიას: "დღესაც დარჩი და ხვალ გაგაგზავნი”. და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
- 13მოიპატიჟა ურია დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე. დაათრო დავითმა ურია. და გამოვიდა საღამოს თავისი ბატონის მსახურებთან დასაწოლად, სახლში არ წავიდა.
- 14დილით წერილი მისწერა დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა.
- 15დაწერა: "დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა გელით და მერე მიატოვეთ, რომ მოკვდეს”.
- 16როცა იოაბმა ქალაქი დაზვერა, ურია იქ დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
- 17გამოვიდნენ ქალაქის კაცები და შეებრძოლნენ იოაბს. დაეცნენ მეომრები, დავითის კაცთაგან, მოკვდა ურია ხეთელიც.
- 18და გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.
- 19უბრძანა მაცნეს: "ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,
- 20თუ გაბრაზდა მეფე და გითხრა: რატომ მიუახლოვდით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენო სროლას?
- 21ვინ მოკლა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა გალავნიდან დედაკაცის ნასროლმა წისქვილის ქვის ნატეხმა არ მოკლა თებეცში? რატომ მიუახლოვდითო გალავანს? მაშინ ეტყვი: შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა-თქო”.
- 22წავიდა მაცნე, მივიდა და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც გააგზავნა იოაბმა.
- 23უთხრა მაცნემ დავითს: "როცა მოგვეძალა მტერი და ველზე გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ.
- 24მოისარებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს შენს მსახურებს, ბევრი გაწყდა მეფის მსახურთაგან, შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა”.
- 25უთხრა დავითმა მაცნეს: "იოაბს გადაეცი, ნუ დაგანაღვლიანებს-თქო ეს ამბავი, რადგან მახვილი ხან ერთს ჭამს, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხე-თქო. ასე გაამხნევე იოაბი”.
- 26გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და გლოვობდა იგი თავისი ქმრის გამო.
- 27გლოვის დღეები რომ გავიდა, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში, ცოლად დაისვა და უშვა ვაჟი. და ეს საქმე, რაც ჩაიდინა დავითმა, ბოროტება იყო უფლის თვალში.
იტვირთება შემდეგი თავი