2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    მოკვდა ამ ამბების შემდეგ ყამონელთა მეფე და მისი ძე, ხანუნი გამეფდა მის ნაცვლად.
  2. 2
    თქვა დავითმა: "კეთილად მოვექცევი ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მომექცა კეთილად”. სამძიმარზე გაუგზავნა დავითმა თავისი მსახურნი მამამისის გამო; და მივიდა დავითის ხალხი ყამონის ძეთა ქვეყანაში.
  3. 3
    უთხრეს ყამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: "რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად გამოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის დასათვალიერებლად და დასაზვერად არა? აჰა, მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.
  4. 4
    ადგა ხანუნი და მოპარსა დავითის კაცებს ნახევარი წვერი, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.
  5. 5
    შეატყობინეს დავითს და გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძლიერ იყვნენ ეს კაცები შეურაცხყოფილნი. უთხრა მათ მეფემ: "დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.
  6. 6
    მიხვდნენ ყამონელნი, რომ თავი შეაძულეს დავითს, გაგზავნეს და დაიქირავეს ბეთ-რეხობისა და ცობას ოცი ათასი არამელი ქვეითი, მეფე მაყაქას ათასი კაცი და თორმეტი ათასი ტობელი მებრძოლი.
  7. 7
    გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ძლევამოსილი ლაშქარი.
  8. 8
    გამოვიდნენ ყამონელები და კარიბჭესთან გამართეს ბრძოლა; ცობას და რეხობის არამელნი, მაყაქას და ტობის მეომრები კი ცალკე განლაგდნენ ველზე.
  9. 9
    დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარი წინიდან და ზურგიდან იყო განლაგებული, გამოაცალკევა მებრძოლნი ისრაელის რჩეულთაგან და არამელთა წინააღმდეგ განალაგა ისინი.
  10. 10
    დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავისი ძმის ხელს გადასცა; მან კი, ყამონელთა პირისპირ განალაგა ისინი.
  11. 11
    უთხრა იოაბმა აბიშაის: "თუ არამელნი გვძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები გაძლიერდებიან შენზე, მე მოვალ შენს დასახმარებლად.
  12. 12
    მტკიცედ იყავი, მაგრად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და ღმერთის ქალაქებისთვის, დაე, უფლის ნებისამებრ იყოს ყოველივე”.
  13. 13
    გავიდა იოაბი თავის ხალხთან ერთად არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
  14. 14
    დაინახეს ყამონელებმა, რომ გაიქცნენ არამელნი, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შებრუნდნენ. დაბრუნდა იოაბი ყამონელთაგან და მივიდა იერუსალიმში.
  15. 15
    დაინახა არამმა, რომ შეიმუსრა ისრაელის წინაშე და ერთად შეიკრიბა.
  16. 16
    გაგზავნა ჰადადყეზერმა, მდინარის გაღმელი არამელებიც გამოაყვანინა და შობაქის, ჰადადყეზერის სარდლის წინამძღოლობით, ამოვიდნენ ხელამში.
  17. 17
    შეიტყო ეს ამბავი დავითმა, შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და ხელამში მივიდა. დაეწყვნენ არამელნი დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ მას.
  18. 18
    უკუიქცნენ არამელნი ისრაელიანთაგან და გაანადგურა დავითმა არამელთაგან შვიდასი ეტლი და ორმოცი ათასი მხედარი; განიგმირა შობაქიც, მათი მხედართმთავარი და იქვე მოკვდა.
  19. 19
    დაინახეს ჰადადყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა, რომ შეიმუსრნენ ისრაელის წინაშე და დაუზავდნენ და დამორჩილდნენ ისრაელს. ეშინოდათ არამელებს, რომ კვლავ დახმარებოდნენ ყამონელებს.
იტვირთება შემდეგი თავი