2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1თქვა დავითმა: "ხომ არ დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე ვუყო იონათანის გულისთვის?”
- 2საულის სახლს მსახური ჰყავდა, სახელად ციბა. მოიხმეს იგი დავითთან. უთხრა მეფემ: "შენა ხარ ციბა?” მიუგო: "გახლავარ, შენი მსახური”.
- 3ჰკითხა მეფემ: "ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ მოვექცე ღვთის სიკეთით?” უპასუხა ციბამ მეფეს: "ძე დარჩა იონათანს, ორივე ფეხით კოჭლი”.
- 4თქვა მეფემ: "სად არის?” მიუგო ციბამ მეფეს: "აჰა, მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს”.
- 5გაგზავნა დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის ძის სახლიდან, ლოდებარიდან.
- 6მოვიდა მეფიბოშეთი, საულის ძის, იონათანის ვაჟიშვილი დავითთან, პირქვე დაემხო მის წინაშე და მიწაზე განერთხა. უთხრა დავითმა: "მეფიბოშეთ!” მიუგო: "აქა ვარ, შენი მსახური!”
- 7უთხრა დავითმა: "ნუ გეშინია, სიკეთეს გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისთვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს”.
- 8ისევ განერთხა მიწაზე და თქვა: "ვინ არის შენი მსახური, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?”
- 9მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს და უთხრა: "საულისა და მისი სახლის მთელი ქონება მისი შვილიშვილისთვის, შენი ბატონისთვის, მიმიცია.
- 10დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა და მიეცით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილს, შენს ბატონს, თავისი საჭმელი პური. თუმცა მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს”. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მსახური ჰყავდა ციბას.
- 11უთხრა ციბამ მეფეს: "ყველაფერს ისე გააკეთებს შენი მსახური, როგორც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს”. და ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე, როგორც მეფის ერთი ძეთაგანი.
- 12პატარა ვაჟი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მსახურები გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ.
- 13იერუსალიმში ცხოვრობდა მეფიბოშეთი, რათა მუდამ დავითის სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.
იტვირთება შემდეგი თავი