2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ამის შემდეგ მოსრა დავითმა ფილისტიმელნი და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ქალაქი მეთეგ ამა ფილისტიმელთა ხელს.
- 2დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.
- 3დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, რეხობის ძე, როდესაც ევფრატის მდინარეზე თავისი მმართველობის აღსადგენად მიდიოდა იგი.
- 4წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ძარღვები გადაუჭრა დავითმა საეტლე ცხენებს, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა.
- 5მოვიდნენ დამასკოელი არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად და გაჟლიტა დავითმა არამელთა ოცდაორი ათასი კაცი.
- 6მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა დავითმა დამასკოს არამს და მონებად და მსახურებად გაუხდნენ არამელნი დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
- 7აიღო დავითმა ჰადადყეზერის მსახურთა ოქროს ფარები და იერუსალიმში მოიტანა.
- 8ჰადადყეზერის ქალაქებიდან ბეთახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო მეფე დავითმა.
- 9გაიგო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადადყეზერის მთელი ლაშქარი მოსპო დავითმა.
- 10გაგზავნა თოყიმ იორამი, თავისი ძე, მეფე დავითის მოსაკითხად და სამადლობლად, რადგან გაილაშქრა ჰადადყეზერზე და გაანადგურა იგი, ვინაიდან ეომებოდა თოყის ჰადადყეზერი. ხელთ კი თან ვერცხლის, ოქროს და სპილენძის ჭურჭელი გაატანა იორამს.
- 11ეს ჭურჭელიც უფალს მიუძღვნა მეფე დავითმა, როგორც დაპყრობილ ხალხთაგან ნადავლად წამოღებული მთელი ოქრო-ვერცხლი;
- 12არამელთათვის, მოაბელთათვის, ყამონელთათვის, ფილისტიმელთათვის, ყამალეკელთათვის და რეხობის ძის, ცობას მეფის, ჰადადყეზერისთვის წართმეული ნადავლივით.
- 13და განითქვა დავითმა სახელი, თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.
- 14მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა ედომს: მთელ ედომში დანიშნა მეფისნაცვალნი და მთელი ედომი მსახურად გაუხდა დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
- 15მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.
- 16იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
- 17ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი,
- 18ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განაგებდა, დავითის ძენი კი პირველნი იყვნენ სამეფო კარზე.
იტვირთება შემდეგი თავი