2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.
- 2უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.
- 3მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
- 4მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
- 5"წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
- 6იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.
- 7აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
- 8ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.
- 9ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
- 10ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,
- 11როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!
- 12და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
- 13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.
- 14მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
- 15მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.
- 16მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”
- 17ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.
- 18მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
- 19ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!
- 20კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
- 21შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.
- 22ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.
- 23რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
- 24შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.
- 25ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,
- 26რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
- 27რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.
- 28ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.
- 29ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.
იტვირთება შემდეგი თავი