2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    კვლავ შემოიკრიბა დავითმა ისრაელის ყველა რჩეული ვაჟკაცი, ოცდაათი ათასი.
  2. 2
    ადგა და წავიდა დავითი, იუდას ბაყალეში, მასთან მყოფ მთელ ხალხთან ერთად, ღვთის კიდობნის გადასატანად, რომელიც ცაბაოთ უფლის სახელით იწოდება, რომელიც ქერუბებზე ზის.
  3. 3
    ახალ ურემზე შემოდგეს ღვთის კიდობანი და გაიტანეს აბინადაბის სახლიდან გიბყაში. აბინადაბის ძეთ, ყუზას და ახიოს, მიჰყავდათ ახალი ურემი.
  4. 4
    გამოიყვანეს ურემი ღვთის კიდობანთან ერთად აბინადაბის სახლიდან გიბყაში, წინ ახიო მიუძღოდა კიდობანს.
  5. 5
    დავითი და ისრაელის მთელი სახლი უფლის წინაშე უკრავდნენ კვიპაროსის ხის ყველა საკრავით: ქნარებით, ჩანგებით, დაფდაფებით, ბობღნებითა და წინწილებით.
  6. 6
    ნახონის კალომდე რომ მივიდნენ, ღვთის კიდობნისკენ გაიწოდა ყუზამ ხელი დასაჭერად, რადგან კინაღამ გადმოაგდეს იგი ხარებმა.
  7. 7
    აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.
  8. 8
    დამწუხრდა დავითი, რომ მოკლა უფალმა ყუზა; დღემდე ფერეც-ყუზა (ყუზას განგმირვა) ეწოდება ამ ადგილს.
  9. 9
    შეეშინდა დავითს უფლისა იმ დღეს და თქვა: "ჩემამდე როგორ მოვა უფლის კიდობანი?”
  10. 10
    აღარ მოინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ მიაბრუნა.
  11. 11
    სამ თვეს დარჩა უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლეული.
  12. 12
    ეუწყა მეფე დავითს: "აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლეული და ყველაფერი, რაც გააჩნია”. მაშინ წავიდა დავითი და სიხარულით გადაიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში.
  13. 13
    როგორც კი ექვს ნაბიჯს გაივლიდნენ უფლის კიდობნის მზიდველნი, მოზვერსა და ვერძს სწირავდა იგი.
  14. 14
    მთელი ძალით ცეკვავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდით იყო შემოსილი.
  15. 15
    ყიჟინას სცემდნენ და საყვირებს აყვირებდნენ დავითი და ისრაელის მთელი სახლი ღვთის კიდობნის გადატანისას.
  16. 16
    როცა შევიდა უფლის კიდობანი დავითის ქალაქში, სარკმლიდან იმზირებოდა მიქალი, საულის ასული. დაინახა უფლის წინაშე მხტომელი და მროკველი მეფე დავითი და დამცირდა იგი მის გულში.
  17. 17
    მიიტანეს უფლის კიდობანი და დადგეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც მისთვის გაშალა დავითმა; და აღავლინა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე.
  18. 18
    დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი ცაბაოთ უფლის სახელით.
  19. 19
    ისრაელის მთელ სახლს, ყოველ მამაკაცსა და ქალს საკვები ჩამოურიგა: თითო პური, ხორცის ნაჭერი და გამომშრალი ყურძნის ნამცხვარი; და გაბრუნდა ხალხი თავის სახლებში.
  20. 20
    დაბრუნდა დავითიც თავისი სახლეულის საკურთხებლად; გამოეგება მიქალი, საულის ასული და უთხრა: "რარიგ გამოირჩეოდა დღეს მეფე ისრაელისა, რომელიც ისე გაშიშვლდა თავისი მხევლების წინაშე, როგორც ერთი უგუნური ვინმე!”
  21. 21
    უპასუხა მიქალს დავითმა: "იმ უფლის წინაშე ვროკავდი, რომელმაც მამაშენსა და მთელ მის სახლეულს მამჯობინა და მმართველად დამადგინა თავის ხალხზე, ისრაელზე. ამიტომაც სიხარულით ვიზეიმებ უფლის წინაშე.
  22. 22
    და რაც უფრო მეტადაც გავუგუნურდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში და იმ მხევლების წინაშე, რომლებიც მიხსენე, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები”.
  23. 23
    და არ ჰყოლია შვილი მიქალს, საულის ასულს, სიკვდილამდე.
იტვირთება შემდეგი თავი