2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდა ისრაელის ყველა ტომი დავითთან ხებრონში. უთხრეს: "აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
  2. 2
    წინათ, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გაგყავდა და შემოგყავდა ისრაელი. გითხრა უფალმა, შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს და იმეფებ მასზე”.
  3. 3
    მეფესთან, ხებრონში მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და იქ, უფლის წინაშე დაუდო მათ აღთქმა დავითმა და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ.
  4. 4
    ოცდაათი წლისა იყო დავითი გამეფებისას და ორმოცი წელი იმეფა.
  5. 5
    შვიდ წელსა და ექვს თვეს მეფობდა იუდაზე ხებრონში, იერუსალიმში კი ოცდაცამეტი წელი იმეფა - მთელ ისრაელსა და იუდაზე.
  6. 6
    და წავიდა მეფე თავის კაცებთან ერთად იერუსალიმზე - იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ, რომლებმაც უთხრეს დავითს: "ვერ შემოხვალ აქ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან!” ფიქრობდნენ: "ვერ შემოვაო დავითი”.
  7. 7
    მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე; ეს არის დავითის ქალაქი.
  8. 8
    ბრძანა იმ დღეს დავითმა: "ვინც იებუსელებს დასცემს, წყლის გვირაბით მიადგეს და მოსრას დავითის მოძულე კოჭლები და ბრმები”. ამიტომ ამბობენ: "ვერ შევლენო სახლში კოჭლები და ბრმები”.
  9. 9
    ცხოვრობდა ციხე-სიმაგრეში დავითი და უწოდა მას დავითის ქალაქი; მილოს ირგვლივ და შიგნით ყოველივე ააშენა დავითმა.
  10. 10
    უფრო და უფრო ძლიერდებოდა დავითი, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
  11. 11
    გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, კედარის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
  12. 12
    მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.
  13. 13
    კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან დავითმა ხარჭები და ცოლები, ხებრონიდან გადმოსვლის შემდეგ და შეეძინა დავითს სხვა ვაჟები და ასულები.
  14. 14
    აი, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი.
  15. 15
    იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
  16. 16
    ელიშამა, ელიდა და ელიფელეტი.
  17. 17
    შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და ამოვიდნენ ფილისტიმელები დავითის მოსაძებნად. შეიტყო დავითმა და შევიდა ციხესიმაგრეში.
  18. 18
    მოვიდნენ ფილისტიმელები და გაიშალნენ რეფაიმის ველზე.
  19. 19
    დაეკითხა დავითი უფალს: "გავიდე ფილისტიმელთა წინააღმდეგ, ჩამიგდებ მათ ხელში?” უპასუხა უფალმა: "გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს”.
  20. 20
    მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმს, იქ შემუსრა დავითმა ისინი და თქვა: "წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც ზღუდის გამრღვევმა წყალმა”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
  21. 21
    მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები და წაიღეს ისინი დავითმა და მისმა კაცებმა.
  22. 22
    ერთხელ კიდევ გამოვიდნენ ფილისტიმელები და გაიშალნენ რეფაიმის ველზე.
  23. 23
    დაეკითხა დავითი უფალს და უპასუხა მან: "პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან შემოუარე და ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.
  24. 24
    როცა გაიგონებ შრიალის ხმას ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან, მაშინ იმოქმედე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად”.
  25. 25
    ისე მოიქცა დავითი, როგორც ჰქონდა უფალს ნაბრძანები და მოსრა ფილისტიმელნი გაბაონიდან გაზერის მისადგომებამდე.
იტვირთება შემდეგი თავი