2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წაერთვა და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
  2. 2
    ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს ლაშქრის წინამძღოლებად. ერთს ბაყანა ერქვა, მეორეს - რეხაბი, ბეეროთელი რიმონის ძენი, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინში ირიცხებოდა.
  3. 3
    გაიქცნენ ბეეროთელნი გითაიმს და იქ დამკვიდრდნენ საცხოვრებლად.
  4. 4
    კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.
  5. 5
    წავიდნენ ბეეროთელი რიმონის ძენი, რეხაბი და ბაყანა, მივიდნენ შუადღის ხვატში იშბოშეთის სახლთან; ის კი შუადღის ძილით ისვენებდა.
  6. 6
    და აჰა, სახლში შევიდნენ, ვითომდა ხორბლის საყიდლად, ჩასცეს მახვილი მუცელში და გაიქცნენ რეხაბი და ბაყანა.
  7. 7
    როცა შევიდნენ სახლში, ტახტზე იწვა იგი, თავის საწოლ ოთახში; მახვილი უგმირეს, მოკლეს და თავი მოკვეთეს; შემდეგ აიღეს მისი თავი და ყარაბას გზით იარეს მთელი ღამე.
  8. 8
    და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს: "აჰა, იშბოშეთის, საულის ძის, შენი მტრის თავი, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა; შური უძია დღეს უფალმა ჩვენს ბატონ მეფეს საულზე და მის შთამომავლობაზე”.
  9. 9
    მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ძეებს, რეხაბსა და მის ძმას ბაყანას: "ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!
  10. 10
    თუ ამბის მომტანი, რომელმაც საულის სიკვდილი შემატყობინა და მახარებელი ეგონა თავი, შევიპყარი ციკლაგში და მოვკალი, სამახარებლოს მიცემის ნაცვლად,
  11. 11
    რაღას ვუზამ ბოროტმოქმედებს, რომელთაც მართალი კაცი თავის სახლში, თავის სარეცელზე მოკლეს?! განა არ უნდა მოვიკითხო მისი სისხლი თქვენი ხელიდან და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?”
  12. 12
    უბრძანა დავითმა მსახურებს და მოკლეს ძმები; ხელფეხი მოჰკვეთეს და ხებრონის წყალსატევზე გამოკიდეს. იშბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონს დაკრძალეს, აბნერის აკლდამაში.
იტვირთება შემდეგი თავი