2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ხანგრძლივი ომი იყო საულისა და დავითის სახლებს შორის. და სულ უფრო ძლიერდებოდა დავითი, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
- 2ძეები შეეძინა დავითს ხებრონში; პირმშო ყამნონი - იზრეყელელი ახინოყამისგან.
- 3მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა.
- 4მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
- 5მეექვსე, ითრეამი - ყეგლასგან, დავითის ცოლისგან; ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.
- 6საულისა და დავითის სახლებს შორის ომში, მტკიცედ ეჭირა აბნერს საულის სახლის მხარე.
- 7ხარჭა ჰყავდა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშბოშეთმა აბნერს: "რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?”
- 8დიდად განრისხდა აბნერი იშბოშეთის ნათქვამზე; უთხრა: "ძაღლის თავი ხომ არ ვარ იუდაში? დღემდე ერთგული ვარ მამაშენის, საულის სახლის, მისი ძმებისა და მეგობრების მიმართ, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?
- 9ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც უფალმა შეჰფიცა დავითს:
- 10მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენ ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე”.
- 11და ვეღარ შეეპასუხა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
- 12მოციქულები გაუგზავნა აბნერმა დავითს, რომ ეთქვათ: "ვისია ეს ქვეყანა? კავშირი შემიკარი და, აჰა, შენთან იქნება ჩემი ხელი, რათა შენკენ მოვაქციო მთელი ისრაელი”.
- 13მიუგო დავითმა: "კეთილი, შევკრავ კავშირს შენთან, ოღონდ ერთ რამეს მოვითხოვ: ვერ იხილავ ჩემს სახეს, როცა ჩემს სანახავად მოხვალ თუ მიქალს, საულის ასულს არ მოიყვან ჩემთან”.
- 14მოციქულები გაუგზავნა დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს და მოსთხოვა: "მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩის ფასად დავნიშნე”.
- 15გაგზავნა კაცი იშბოშეთმა და წაართვა ქალი მის ქმარს, ფალტიელ ლაიშის ძეს.
- 16წამოჰყვა ქმარი ქალს, მიჰყვებოდა და მისტიროდა ბახურიმამდე. მერე უთხრა აბნერმა: "წადი, გაბრუნდი!” და ისიც გაბრუნდა.
- 17ელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: "გუშინაც და გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
- 18ახლა ასე უნდა მოიქცეთ, რადგან ნათქვამი აქვს უფალს დავითზე: "ჩემი მსახურის დავითის ხელით გადავარჩენ ჩემს ერს, ისრაელს, ფილისტიმელებისა და ყველა მტრის ხელიდან”.
- 19ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელებს. და მერე ხებრონში წავიდა, რათა დავითისთვის ეთქვა ყველაფერი, რაც ისრაელსა და ბენიამინელთა მთელ სახლს მიაჩნდა მოსაწონად.
- 20მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა და ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მასთან მყოფ კაცებს.
- 21უთხრა აბნერმა დავითს: "ავდგები და წავალ, შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, რათა აღთქმა დადონ შენთან და შენს ნებაზე იმეფებ მათზე”. გაისტუმრა დავითმა აბნერი და მშვიდობით წავიდა იგი.
- 22აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურები და იოაბი თარეშიდან, თან დიდძალი ნადავლი მოიყოლეს. აბნერი აღარ დახვდათ დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს და მშვიდობით წასულიყო იგი.
- 23როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, უთხრეს იოაბს: "მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და წავიდა იგი მშვიდობით”.
- 24მივიდა იოაბი დავითთან და უთხრა: "ეს რა ჰქენი? აჰა, აბნერი მოსულა, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
- 25განა არ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ იცოდეს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ, ყველაფერი გაიგოს, რასაც აკეთებ”.
- 26დავითისგან რომ გამოვიდა იოაბი, მოციქულები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნა. არ იცოდა ეს ამბავი დავითმა.
- 27დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.
- 28მოგვიანებით, როცა გაიგო დავითმა ეს ამბავი, თქვა: "უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე საუკუნოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
- 29იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”
- 30იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოკლეს აბნერი, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი, გაბაონთან ბრძოლაში.
- 31უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: "შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
- 32როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, აღიმაღლა ხმა და ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა ხალხიც.
- 33დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: "განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
- 34ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან”. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
- 35ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურის ჭამას სთავაზობდნენ დავითს. იფიცებოდა დავითი: "ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ვიგემო მზის ჩასვლამდე პური ან სხვა რამე”.
- 36მთელმა ხალხმა შენიშნა და მოეწონა ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც აკეთებდა მეფე.
- 37გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფეს არ მოუკლავს აბნერ ნერის ძე.
- 38უთხრა მეფემ თავის მსახურებს: "იცით თუ არა, რომ მხედართმთავარი და დიდებული კაცი დაეცა დღეს ისრაელში?
- 39მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. დაე, უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტებისამებრ!”
იტვირთება შემდეგი თავი