2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
- 2გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
- 3უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
- 4მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
- 5უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
- 6გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
- 7დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
- 8მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
- 9შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
- 10დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
- 11მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
- 12უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
- 13კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
- 14მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
- 15გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
- 16ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
- 17აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
- 18თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
- 19და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
- 20მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
- 21უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
- 22კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
- 23დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
- 24იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
- 25შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
- 26დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
- 27თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
- 28შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
- 29ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
- 30უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
- 31აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
- 32ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
- 33შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
იტვირთება შემდეგი თავი