2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    უთხრეს იოაბს: "აჰა, ტირის მეფე, აბესალომს გლოვობს”.
  2. 2
    და გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე.
  3. 3
    ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
  4. 4
    სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
  5. 5
    მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: "სირცხვილში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები, ცოლები და ხარჭები.
  6. 6
    შენი მოძულენი შეგყვარებია და მოყვარულნი შეგძულებია; დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ვხვდები, რომ გერჩია აბესალომი გყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
  7. 7
    ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენს მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია”.
  8. 8
    ადგა მეფე და დაჯდა კარიბჭესთან. ამცნეს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
  9. 9
    ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში: "მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიმელთაგან გაგვათავისუფლა. ახლა კი, თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო.
  10. 10
    ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?”
  11. 11
    კაცი გაგზავნა მეფე დავითმა ცადოკ და აბიათარ მღვდლებთან და შეუთვალა: "ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რაღად აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა უკვე მოაღწია მთელი ისრაელის სიტყვამ მეფემდე მის სახლში?
  12. 12
    ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
  13. 13
    ყამასას უთხარით: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ!”
  14. 14
    ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: "დაბრუნდი შენს მსახურებთან ერთად”.
  15. 15
    დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდა მივიდა გილგალს, რომ მიჰგებებოდა მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანა იგი.
  16. 16
    შიმყა გერას ძემ, ბენიამინელმა, რომელიც ბახურიმიდან იყო, იჩქარა და იუდასთან ერთად ჩამოვიდა მეფე დავითის შესახვედრად.
  17. 17
    თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
  18. 18
    გაღმა გავიდა ბორანი, რომ მეფის სახლი გადმოეყვანა და კეთილად მომსახურებოდნენ. იორდანე რომ გადმოლახა მეფემ, დაემხო მის წინაშე შიმყა გერას ძე.
  19. 19
    უთხრა მეფეს: "დანაშაულად ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში წყენას ნუ ჩაიდებს მეფე.
  20. 20
    რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, იოსების მთელი სახლიდან პირველი მოვედი დღეს, რომ მივგებებოდი მეფეს, ჩემს ბატონს”.
  21. 21
    თქვა აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "განა არ უნდა მოკვდეს შიმყა, იმის გამო, რომ დაწყევლა უფლის ცხებული?”
  22. 22
    უთხრა დავითმა: "რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ გამოსულხართ დღეს ჩემს წინააღმდეგ? განა დღეს ვინმე უნდა მოკვდეს ისრაელში, როცა გავიგე, რომ კვლავ ისრაელის მეფე ვარ?”
  23. 23
    უთხრა მეფემ შიმყას: "არ მოკვდები”. და შეჰფიცა მეფემ.
  24. 24
    მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.
  25. 25
    როდესაც მივიდა მეფესთან შესახვედრად, ჰკითხა მეფემ: "ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვედი, მეფიბოშეთ?”
  26. 26
    უპასუხა: "მეფევ ბატონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა. ვუთხარი შენმა მორჩილმა, სახედარი შემიკაზმე-მეთქი, რათა შევმჯდარიყავი და გავყოლოდი მეფეს, რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
  27. 27
    ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
  28. 28
    განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეთა შორის დაისვი შენი მსახური, რა უფლება მაქვს, ვიწუწუნო მეფის წინაშე?”
  29. 29
    მიუგო მეფემ: "რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები”.
  30. 30
    უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: "ყველაფერი წაიღოს, რაკი მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში”.
  31. 31
    ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
  32. 32
    ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან დიდი შეძლების კაცი იყო.
  33. 33
    უთხრა მეფემ ბარზილაის: "გადმომყევი მეორე მხარეს და მე გარჩენ იერუსალიმში”.
  34. 34
    მიუგო ბარზილაიმ მეფეს: "რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
  35. 35
    ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?
  36. 36
    ცოტაზე კიდევ გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასეთი წყალობით რისთვის უნდა მაჯილდოვებდეს მეფე?
  37. 37
    ნება მიეცი შენს მსახურს, რომ დაბრუნდეს თავის ქალაქში და თავისი დედ-მამის საფლავთან მოკვდეს. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს”.
  38. 38
    უპასუხა მეფემ: "ქიმჰამი გადმოვა ჩემთან ერთად მეორე მხარეს და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ”.
  39. 39
    და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
  40. 40
    გილგალისკენ გაემართა მეფე და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ხალხის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
  41. 41
    აჰა, მთელი ისრაელი მოვიდა მეფესთან და უთხრა: "რატომ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, რომ მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს მეორე მხარეს გადაეყვანათ?”
  42. 42
    უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: "იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”
  43. 43
    მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.
იტვირთება შემდეგი თავი