2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1სამ წელიწადს, წლიდან-წლამდე შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: "საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამო ხდება ეს ამბავი, რადგან გაწყვიტა გაბაონელნი
- 2დაუძახა მეფემ გაბაონელებს და ელაპარაკა. გაბაონელნი ისრაელის ძენი კი არა, გადარჩენილ ამორელთა შთამომავალნი იყვნენ. შეჰფიცეს მათ ისრაელის ძეებმა, მაგრამ მაინც ცდილობდა მათ გაწყვეტას საული, ისრაელისა და იუდას ძეთა მიმართ მოშურნეობის გამო.
- 3ჰკითხა დავითმა გაბაონელებს: "რა გაგიკეთოთ, რომ ცოდვა გამოვისყიდო და აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?”
- 4მიუგეს გაბაონელებმა: "არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო საულისა და მისი სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ჩვენს გამო ვინმე მოკლან ისრაელში”. თქვა მეფემ: "რასაც იტყვით, აგისრულებთ”.
- 5უთხრეს მეფეს: "გვავიწროებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
- 6ამიტომ მოგვეცით შვიდი კაცი მის ნაშიერთაგან და ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: "მოგცემთ”.
- 7დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, უფლისადმი ფიცის გამო, რომელიც დავითსა და იონათან საულის ძეს შორის იყო დადებული.
- 8წამოიყვანა მეფემ აიას ასულის რიცფას ორი ვაჟი არმონი და მეფიბოშეთი, რომლებიც უშვა საულს და მიქალის, საულის ასულის ხუთი ვაჟი, რომლებიც ყადრიელ მეხოლათელი ბარზილაის ძეს უშვა.
- 9გადასცა გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაეცა შვიდივე ერთად. მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში დახოცეს ისინი.
- 10აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.
- 11შეატყობინეს დავითს რიცფას, საულის ხარჭის საქციელი.
- 12წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გილყადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც ბეთ-შანის მოედნიდან მოიპარეს ისინი, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა განგმირეს საული ფილისტიმელებმა გილბოაყში.
- 13წამოიღო იქიდან საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები და მოაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
- 14დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მამამისის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ბრძანა მეფემ. ამის შემდეგ შეიწყალა ღმერთმა ქვეყანა.
- 15ისევ დაიწყო ომი ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. წამოვიდა დავითი თავის მსახურებთან ერთად და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. მოიქანცა დავითი.
- 16მაშინ იშბი-ბენობმა, ბუმბერაზის შთამომავალმა, რომელსაც წონით სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ეჭირა ხელში და წელზე ახალი მახვილი ეკიდა, განიზრახა მოეკლა დავითი.
- 17მაგრამ მიეშველა აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. მაშინ დააფიცეს დავითი მასთან მყოფმა კაცებმა და უთხრეს: "აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საომრად, რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი”.
- 18ამის შემდეგ კვლავ მოხდა შეტაკება ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც ასევე ბუმბერაზის შთამომავალთაგანი იყო.
- 19კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; იქ ელხანანმა, იაყრე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა განგმირა გითელი ბუმბერაზი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
- 20გითში კიდევ მოხდა ბრძოლა; იყო იქ ერთი უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზის ნაშიერი იყო.
- 21აბუჩად იგდებდა იგი ისრაელს, მაგრამ იონათან შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა მოკლა იგი.
- 22ეს ოთხნი იყვნენ ბუმბერაზთა ნაშიერთაგან გითში; და ყველანი დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.
იტვირთება შემდეგი თავი