2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1იმ დღეს, როცა უფალმა ყოველი მისი მტრის ხელთაგან იხსნა დავითი, ამ სიტყვებით უგალობა მან უფალს:
- 2"უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.
- 3ღმერთი კლდეა ჩემი, იგია ჩემი თავშესაფარი; ფარია ჩემი და ხსნის რქაა, სიმაგრეა და თავშესაფარი ჩემი, ჩემი მხსნელია, რომელმაც დამიფარა ძალადობისგან.
- 4მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.
- 5ალყაში მომიქციეს სიკვდილის ტალღებმა, განადგურების ნაკადები დამესხნენ თავს,
- 6ქვესკნელის ბორკილები შემომეხლართა და სიკვდილის ბადეებში გავები.
- 7გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
- 8შეირყა, იძრა დედამიწა, ათრთოლდა და შეირყა ზეცის საფუძველი ღვთის განრისხებისას.
- 9კვამლი ავარდა მისი ნესტოებიდან, მშთანმთქმელი ცეცხლი - მის ბაგეებიდან; ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
- 10მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა; უკუნი ნისლი იდგა მის ფეხქვეშ.
- 11ქერუბზე ამხედრებული გაფრინდა და გამოჩნდა ქარიშხლის ფრთებზე;
- 12წყვდიადი შემოირტყა გარშემო კარვებად, წყლის ბინულებად ცათა ღრუბელნი.
- 13მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.
- 14ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
- 15ისრებით გაფანტა ჩემი მტრები, ელვით გაანადგურა ისინი.
- 16შერისხა უფალმა, თავისი ნესტოების სუნთქვა მიაქცია და გამოჩნდნენ ზღვის დინებანი და გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი.
- 17მაღლიდან მომწვდა, ამიყვანა და წყალთა მორევიდან გამომიყვანა.
- 18უძლიერესი მტრისგან მიხსნა, მათგან, ვისაც ვძულდი, ვინც ძლიერი იყო ჩემზე.
- 19თავს დამესხნენ ჩემი გასაჭირის დღეს და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
- 20გაშლილ სივრცეში გამიყვანა და მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.
- 21ჩემი სიმართლისამებრ მომაგო უფალმა, ჩემი ხელის სიწმინდისამებრ გადამიხადა.
- 22რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს.
- 23რადგან ჩემ წინაშეა მისი მცნებები და არ გადამიხვევია მის დადგენილებათაგან;
- 24უბიწო ვიყავი მის წინაშე და ცოდვას გავურბოდი.
- 25საზღაური მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისა და სიწმიდის გამო მის თვალში.
- 26წყალობის მქნელს - წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.
- 27წმიდასთან - წმიდა ხარ და მზაკვართან - მისი ცბიერებისამებრ.
- 28დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
- 29რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.
- 30რადგან შენით შევმუსრავ ლაშქარს და ჩემი ღვთით გადავევლები გალავანს.
- 31უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.
- 32რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?
- 33ღმერთი მტკიცე ციხესიმაგრეა ჩემი; უბიწოებს, თავის გზაზე აყენებს იგი,
- 34ფურირმის ფეხებს მომცემს და მწვერვალებზე დამაყენებს.
- 35გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
- 36შენგან მომეცა ხსნის ფარი და შენმა მოწყალებამ შემმოსა დიდებით.
- 37შენ გამიფართოვე ნაბიჯები, რათა არ მომიცურდეს ფეხები.
- 38ვდიე ჩემს მტრებს და არ მოვბრუნებულვარ, ვიდრე არ წარვხოცე ისინი.
- 39ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარასოდეს წამოდგებიან, ჩემს ფეხქვეშ დაეცნენ ისინი.
- 40შენ მმოსავ ძალით ბრძოლისთვის და ჩემს წინ აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.
- 41შენ უკუაქციე ჩემგან მტრები, და მეც გავანადგურე ჩემი მოძულენი.
- 42ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.
- 43მიწის მტვერივით ვფანტავ, ქუჩის ტალახივით ვთელავ მათ.
- 44შენ მიხსენი ჩემი ხალხის ამბოხისგან; შენ შემინახე, რათა ერების მთავარი ვიყო; ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
- 45უცხოტომელთა შვილები მეპირფერებიან, მემორჩილებიან, როგორც კი ესმით ჩემს შესახებ.
- 46უცხოტომელთა შვილები მისავათდებიან და თავისი სიმაგრეების მიღმა შეძრწუნდებიან.
- 47ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;
- 48ღმერთი იძიებს ჩემთვის შურს და ის დამიმორჩილებს ხალხებს.
- 49ის მიხსნის მტრისგან და ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღსდგა; მიხსნის მოძალადე კაცისგან.
- 50ამიტომ გმადლობ, შენ უფალო, ერებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.
- 51ხსნის გოდოლია უფალი თავისი ცხებული მეფის, დავითისა და მისი შთამომავლობისთვის უკუნისამდე!
იტვირთება შემდეგი თავი