2 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები - სიტყვები დავითისა, იესეს ძისა, დიდად ამაღლებული კაცისა, იაკობის ღმერთის ცხებულისა და ისრაელის ტკბილხმოვანი მგალობლისა:
- 2უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
- 3თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
- 4იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.
- 5ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?
- 6უწმიდურნი ეკლებივით გადაიყრებიან, ხელს არავინ მოჰკიდებს მათ.
- 7კაცი, რომელიც შეეხება მათ, რკინითა და შუბის ტარით შეიარაღდეს. ადგილზევე ცეცხლით დაიწვებიან ისინი.
- 8ესენია დავითის ძლიერი მეომრების სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, სამეულის მეთაური, რომელმაც რვაას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ბრძოლაში დახოცა.
- 9მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ ძლიერ მებრძოლთაგან, რომლებიც დავითთან ერთად იდგნენ, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს.
- 10ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.
- 11მის შემდეგ იყო შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები. ყანის ნაკვეთი იყო იქ, სადაც ცერცვი ეთესა და ხალხი გარბოდა მათგან.
- 12ჩადგა იგი შუა ნაკვეთში და იცავდა მას: შემუსრა ფილისტიმელები და დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა.
- 13ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.
- 14მაშინ დავითი გამაგრებულ ადგილას იყო, ხოლო ფილისტიმელების საგუშაგო ბეთლემში იდგა.
- 15ინატრა დავითმა და თქვა: "აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!”
- 16გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
- 17თქვა: "შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.
- 18აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამასი კაცის წინააღმდეგ გამოვიდა შუბით და დახოცა. მეტი სახელი ჰქონდა მას ამ სამთა შორის.
- 19ამ სამზე მეტად პატივდებული იყო და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
- 20ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, მამაცი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ჩავიდა შუაგულ ორმოში თოვლიან დღეს და ლომი მოკლა.
- 21მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, მრისხანე შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. კეტით ჩაუხტა, გამოსტაცა ხელიდან შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
- 22ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ამ სამ ვაჟკაცს შორის.
- 23ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
- 24ყასაელი, იოაბის ძმა, ერთი ოცდაათაგანი იყო, ასევე ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
- 25შამა ხაროდელი; ელიკა ხაროდელი;
- 26ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი;
- 27აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი;
- 28ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი;
- 29ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი, რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან;
- 30ბენაიაჰუ ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშიდან;
- 31აბიყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი;
- 32ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი;
- 33შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, არარელი;
- 34ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი;
- 35ხეცრაი ქარმელელი; ფაყარაი არბელი;
- 36იგალ ნათანის ძე, ცობადან; ბანი გადელი;
- 37ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი.
- 38ყირა ითრელი; გარებ ითრელი;
- 39ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
იტვირთება შემდეგი თავი