2 თესალონიკელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ჰოდა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,
- 2რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.
- 3არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, - ძე გატიალებისა,
- 4წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
- 5განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
- 6ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე.
- 7ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ გაყვანილ იქნება შუაგულიდან.
- 8მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს
- 9მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით,
- 10და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.
- 11ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ,
- 12რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.
- 13ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,
- 14რისთვისაც მოგიწოდათ თქვენ, ჩვენი სახარებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების სამსახურად.
- 15მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
- 16ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
- 17ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.
იტვირთება შემდეგი თავი