2 თესალონიკელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა,
- 2რათა გადავურჩეთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.
- 3მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.
- 4ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ უფალში თქვენ გამო, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რაც გამცნეთ.
- 5დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.
- 6ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.
- 7რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.
- 8მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.
- 9არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.
- 10როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: "ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,
- 11რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.
- 12ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური.
- 13თქვენ კი, ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმნა.
- 14ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.
- 15ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
- 16თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
- 17მოკითხვა პავლესაგან, ჩემი საკუთარი ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.
- 18ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!