მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
- 2და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან.
- 3უთხრეს: "წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი სახლში და მათთან ერთად ჭამე”.
- 4ხოლო პეტრემ თანმიმდევრულად განმარტება დაიწყო და თქვა:
- 5"ქალაქ იაფოში ვიყავი, ვლოცულობდი და აღტაცებაში მოსულმა ჩვენება ვიხილე: რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, უცნაური ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი დაეშვა ზეციდან და ჩემამდე მოვიდა.
- 6შევხედე, დავაკვირდი და შიგ დედამიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი დავინახე.
- 7მერე ხმა მომესმა; მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე!
- 8მივუგე: არა, უფალო! რადგან ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი ჩამსვლია პირში.
- 9მეორედაც მომმართა ხმამ ზეციდან: ღმერთის მიერ განწმედილს, ბიწიერად ნუ მიიჩნევ!
- 10ეს სამჯერ მოხდა; მერე ყველაფერი ისევ ზეცად ამაღლდა.
- 11და აჰა, მაშინვე იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი, კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა.
- 12მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში.
- 13მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.
- 14ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც.
- 15როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში.
- 16მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, რომ გვეუბნებოდა - იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო.
- 17თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?”
- 18ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ - აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.
- 19სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.
- 20თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს.
- 21უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ.
- 22ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდეც მიაღწია და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში.
- 23როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.
- 24კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.
- 25ამის შემდეგ ტარსუსში წავიდა სავლეს საძებნელად.
- 26როგორც კი ნახა, ანტიოქიაში ჩაიყვანა. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ; პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
- 27იმ დღეებში ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში.
- 28ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.
- 29მაშინ, გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისთვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ.
- 30ასეც მოიქცნენ, და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს უხუცესებს.
იტვირთება შემდეგი თავი