მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა.
- 2მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.
- 3მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”
- 4მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
- 5გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.
- 6იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.
- 7მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.
- 8უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
- 9მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
- 10მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა.
- 11დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
- 12დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში.
- 13და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”.
- 14მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.
- 15მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”.
- 16ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.
- 17ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.
- 18დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?”
- 19სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს.
- 20ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
- 21ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?”
- 22ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.
- 23მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა.
- 24კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა.
- 25პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
- 26პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.
- 27მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი.
- 28უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
- 29ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
- 30მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.
- 31მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
- 32ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.
- 33მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.
- 34გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
- 35არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
- 36მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
- 37თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა;
- 38როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
- 39ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
- 40მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,
- 41არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
- 42მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
- 43მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.
- 44პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.
- 45მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,
- 46რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
- 47"ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
- 48და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
იტვირთება შემდეგი თავი