მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა.
- 2ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.
- 3გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
- 4მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: "სავლე, სავლე, რად მდევნი მე?”
- 5ჰკითხა: "ვინა ხარ, უფალო?” მან მიუგო: "მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა”.
- 6უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: "რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: "ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.
- 7კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.
- 8წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
- 9სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა.
- 10იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”.
- 11უთხრა უფალმა: "ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია "პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”.
- 12იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.
- 13მიუგო ანანიამ: "უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში.
- 14აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”.
- 15მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
- 16რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”.
- 17წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: "ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
- 18და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა.
- 19საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
- 20მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა.
- 21ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?”
- 22სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.
- 23კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები.
- 24გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი.
- 25მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.
- 26იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა.
- 27წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
- 28დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.
- 29გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
- 30ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.
- 31ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
- 32ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა.
- 33ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე.
- 34უთხრა პეტრემ: "ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა.
- 35ყველამ, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, იხილა იგი და უფლისკენ მოიქცა.
- 36იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი იყო, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც გასცემდა.
- 37იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
- 38იაფო ლიდიასთან ახლოსაა, ამიტომ მოწაფეებმა შეიტყვეს, პეტრე აქ არისო და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად: "ნუ დააყოვნებ ჩვენთან მოსვლას”.
- 39ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო.
- 40პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
- 41ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
- 42ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
- 43კარგა ხანი დაჰყო მან იაფოში, ვინმე მეტყავე სიმონთან.
იტვირთება შემდეგი თავი