მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულების გარდა, ყველა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა.
- 2დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.
- 3სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
- 4მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ.
- 5ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
- 6ფილიპეს ლაპარაკს ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, უსმენდა და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა.
- 7მრავალი დაკავებულისგან ყვირილით გამოდიოდნენ არაწმიდა სულები; ბევრი დავრდომილიც და კოჭლიც იკურნებოდა.
- 8და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.
- 9იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
- 10ყველა, დიდიან-პატარიანად, ყურს უგდებდა მას და ამბობდა: "ეს ის ღვთიური ძალაა, დიადად რომ იწოდება”.
- 11ყურს კი იმიტომ უგდებდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით.
- 12ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.
- 13სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.
- 14იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა რომ გაიგეს, სამარიამ ღმერთის სიტყვა მიიღოო, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან,
- 15რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
- 16რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით.
- 17დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
- 18სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.
- 19უთხრა: "მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”.
- 20მაგრამ მიუგო მას პეტრემ: "შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე.
- 21არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე.
- 22მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა,
- 23ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.
- 24თქვა სიმონმა: "შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი მომეწიოს თქვენი ნათქვამიდან”.
- 25უფლის სიტყვა რომ დაამოწმეს და იქადაგეს, გამობრუნდნენ იერუსალიმს და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
- 26უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: "ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”.
- 27ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში;
- 28უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა.
- 29მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: "მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
- 30ფილიპემ მიირბინა და მოისმინა, რომ წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა და ჰკითხა: "თუ გესმის, რას კითხულობ?”
- 31მიუგო მან: "როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?” და სთხოვა ფილიპეს ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
- 32წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: "დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.
- 33დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”.
- 34ჰკითხა საჭურისმა ფილიპეს: "გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?”
- 35გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.
- 36განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: "აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”
- 37ფილიპემ მიუგო: "თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.
- 38უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი.
- 39როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა.
- 40ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.
იტვირთება შემდეგი თავი