მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1იკონიაში ერთად მივიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
- 2ხოლო ურწმუნო იუდევლები ძმების წინააღმდეგ ამხედრებდნენ და აბოროტებდნენ წარმართებს.
- 3თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.
- 4მაშინ ორად გაიყო ქალაქის ხალხი: ზოგი იუდევლების მხარეს დადგა, ზოგიც - მოციქულებისა.
- 5მაგრამ როცა იუდევლები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად, შეეცადნენ, რომ გაელანძღათ და ჩაექოლათ ისინი,
- 6შეიტყვეს მათი განზრახვა და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს შეაფარეს თავი.
- 7და იქ ახარებდნენ.
- 8იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო.
- 9ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,
- 10უთხრა ხმამაღლა: "შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!” ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.
- 11ხალხმა რომ პავლეს მიერ მოხდენილი სასწაული დაინახა, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ადამიანებს დამსგავსებულან ღმერთები და ჩვენთან ჩამოსულანო.
- 12უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს - ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა.
- 13ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა; გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა.
- 14ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და შეჰყვირეს:
- 15"კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;
- 16რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა,
- 17თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”.
- 18ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
- 19მერე მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, გადაარწმუნეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
- 20მაგრამ მოწაფეები რომ შემოეხვივნენ გარს, წამოდგა და ქალაქში შევიდა; მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
- 21სახარება უქადაგეს იმ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და ისევ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.
- 22ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.
- 23ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.
- 24შემდეგ გაიარეს პისიდია და პამფილიაში მივიდნენ.
- 25იქადაგეს სიტყვა პერგეში და ჩავიდნენ ატალიაში.
- 26იქიდან უკან, ანტიოქიისკენ გასცურეს, სადაც ღვთის მადლს გადაეცნენ იმ საქმისთვის, მათ რომ აღასრულეს.
- 27ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
- 28და არამცირე ხანს დარჩნენ იქ, მოწაფეებთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი