მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო.
- 2პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.
- 3ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ.
- 4იერუსალიმში რომ მივიდნენ, ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს; და უამბეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით.
- 5მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
- 6შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად.
- 7ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: "კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
- 8გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
- 9განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები.
- 10ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?
- 11ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”.
- 12მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.
- 13მათი საუბრის შემდეგ, თქვა იაკობმა: "კაცნო, ძმანო, მომისმინეთ!
- 14მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის.
- 15ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვებიც, როგორც დაწერილია:
- 16ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,
- 17რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა - ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
- 18საუკუნეთაგან ცნობილია ღვთისთვის ყოველი მისი საქმე.
- 19ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,
- 20არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.
- 21ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.
- 22მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა, მთელ ეკლესიასთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს და ამოირჩიეს თავიანთი წრიდან კაცები - ბარსაბად წოდებული იუდა, და სილა, ძმებს შორის რომ პირველობდნენ, რათა ანტიოქიაში მიევლინათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად.
- 23და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
- 24როგორც გავიგეთ, ზოგიერთებმა, ჩვენგან რომ გამოვიდნენ, შეგაშფოთათ თავიანთი სიტყვებით და გულები აგიფორიაქათ; გეუბნებოდნენ, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის;
- 25ამის გამო, ერთსულოვნად მივიჩნიეთ საჭიროდ, კაცების არჩევა და თქვენთან გამოგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად.
- 26კაცებთან, რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის.
- 27გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გაუწყებენ სიტყვიერად.
- 28რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
- 29თავი შეიკავეთ კერპთშენაწირებისა და სისხლისგან, დამხრჩვალისა და სიძვისგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!”
- 30წამოსულნი ანტიოქიაში მივიდნენ, შეკრიბეს კრებული და წერილი გადასცეს.
- 31როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
- 32იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს.
- 33დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მათ წარმომგზავნელებთან.
- 34სილამ იქვე ინება დარჩენა.
- 35ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
- 36რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: "წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები იმ ქალაქებში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა; ვნახოთ, როგორ არიან”.
- 37ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა.
- 38პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე.
- 39ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა.
- 40ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
- 41დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
იტვირთება შემდეგი თავი