მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
- 2რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
- 3პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
- 4ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
- 5ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
- 6კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
- 7მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
- 8გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
- 9და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;
- 10ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.
- 11გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს;
- 12იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
- 13შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
- 14გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
- 15ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
- 16ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
- 17იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
- 18ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.
- 19დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
- 20მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
- 21გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”.
- 22აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
- 23მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
- 24ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
- 25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
- 26უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
- 27ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
- 28მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.
- 29მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
- 30გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”
- 31მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.
- 32უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.
- 33იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
- 34სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
- 35გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”.
- 36შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”.
- 37მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
- 38ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
- 39მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ.
- 40საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.
იტვირთება შემდეგი თავი