მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1მათ რომ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოსს, ხოლო მეორე დღეს - როდოსს, იქიდან - პატრას.
- 2ვნახეთ ხომალდი, ფინიკიაში რომ მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
- 3კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისკენ გავცურეთ და ტვიროსს მივაღწიეთ; რადგან ხომალდი იქ უნდა გადმოეტვირთათ.
- 4მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
- 5ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
- 6გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
- 7დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაიდაში მივედით, ძმები მოვიკითხეთ და ერთი დღე მათთან გავატარეთ.
- 8მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით.
- 9ოთხი ქალიშვილი ჰყავდა მას - წინასწარმეტყველი ქალწულები.
- 10მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა.
- 11მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: "ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.
- 12ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
- 13მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
- 14რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: "იყოს ნება უფლისა!”
- 15იმ დღეების შემდეგ, ჩაბარგებულნი ავედით იერუსალიმს.
- 16თან ზოგიერთი კესარიელი მოწაფეც გამოგვყვა. მათ მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
- 17იერუსალიმში ასულები, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
- 18მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც.
- 19მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის.
- 20მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
- 21შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
- 22რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
- 23ისე მოიქეცი, როგორც გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
- 24წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯი, თავი რომ გადაიპარსონ. ამით გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
- 25ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”.
- 26მაშინ წაიყვანა ის კაცები პავლემ, მომდევნო დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და განწმედის დღეების შესრულება გამოაცხადა, სანამ თითოეული მათგანისთვის ძღვენს შეწირავდა.
- 27შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
- 28ყვიროდნენ: "კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”.
- 29მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო.
- 30მთელი ქალაქი შეიძრა; შეგროვდა ხალხი; შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი
- 31მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი.
- 32მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გაეშურა. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
- 33მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა, ორი ჯაჭვით შეეკრათ, თან იკითხა, ვინ არის და რა ჩაიდინაო?
- 34ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი - მეორეს. მან კი, რაკი ამ აურზაურში სინამდვილის გაგება ვერ შეძლო, მისი ციხე-სიმაგრეში წაყვანა ბრძანა.
- 35კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო,
- 36ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: "აღიგავოს იგი!”
- 37ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, ჰკითხა პავლემ ათასისთავს: "შეიძლება რაღაც გითხრა?” ხოლო მან უპასუხა: "ბერძნული იცი?
- 38მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?”
- 39უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”.
- 40როდესაც მან ნება დართო, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.
იტვირთება შემდეგი თავი