მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1"კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე”.
- 2გაიგონეს თუ არა, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა:
- 3"მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის ისეთივე მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს.
- 4ამ გზაზე მავალთ სასიკვდილოდ ვდევნიდი, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებს.
- 5ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და უხუცესთა საბჭოც; მათგან წერილებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ იქაურებიც იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად.
- 6მაგრამ გზაზე მდგარი, დამასკოს რომ ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა ჩემს ირგვლივ ზეციდან.
- 7მიწაზე დავეცი და ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?
- 8მივუგე: ვინა ხარ, უფალო? მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ დევნი.
- 9ჩემთან მყოფებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოლაპარაკის ხმა არ სმენიათ.
- 10ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მითხრა: ადექი, შედი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.
- 11რაკი იმ ნათლის დიდებისგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთანმყოფებმა ხელჩაკიდული მიმიყვანეს დამასკოში.
- 12ვინმე ანანია, რჯულის მიხედვით ღვთისმოშიში კაცი, რომელსაც იქ მცხოვრები ყველა იუდეველი ემოწმებოდა,
- 13მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალი! და მე იმ წამსვე დავინახე იგი.
- 14მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.
- 15რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
- 16ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.
- 17ხოლო იერუსალიმში რომ დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, ხილვა მქონდა.
- 18ვიხილე უფალი და მითხრა მან: იჩქარე, მალე გაეცალე იერუსალიმს, რადგან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.
- 19ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
- 20როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი.
- 21მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.
- 22ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: "აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!”
- 23ამას გაჰყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ.
- 24ათასისთავმა ბრძანა ციხე-სიმაგრეში შეეყვანათ იგი, გაეშოლტათ და დაეკითხათ, რათა გაეგოთ, ასე რატომ ღრიალებდნენ მის წინააღმდეგ.
- 25ღვედებით რომ დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: "რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე?”
- 26ეს რომ ასისთავმა გაიგო, ათასისთავთან მივიდა და უთხრა: "რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!”
- 27მივიდა ათასისთავი და ჰკითხა: "მითხარი, რომაელი ხარ?” მიუგო: "დიახ”.
- 28უთხრა ათასისთავმა: "მე დიდი თანხით მოვიპოვე რომის მოქალაქეობა”. ხოლო პავლემ მიუგო: "მე კი - დაბადებით”.
- 29მაშინ მყისვე მოეშვნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა; ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ რომის მოქალაქეა, მან კი შეაბორკინა იგი.
- 30მეორე დღეს გადაწყვიტა დანამდვილებით გაეგო, რა ბრალს სდებდნენ იუდევლები. შეხსნა ბორკილები და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; მოიყვანა პავლე და მათ შორის ჩააყენა.
იტვირთება შემდეგი თავი