მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: "კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.
  2. 2
    მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.
  3. 3
    მაშინ უთხრა პავლემ: "ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.
  4. 4
    უთხრეს იქ მდგომებმა: "ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”
  5. 5
    უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.
  6. 6
    იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.
  7. 7
    ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.
  8. 8
    რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.
  9. 9
    ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: "ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”
  10. 10
    რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.
  11. 11
    მომდევნო ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ისე რომშიც გმართებს დამოწმება”.
  12. 12
    რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ.
  13. 13
    ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები.
  14. 14
    მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: "დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ.
  15. 15
    თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
  16. 16
    შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.
  17. 17
    პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”.
  18. 18
    მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.
  19. 19
    ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?”
  20. 20
    მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ.
  21. 21
    მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
  22. 22
    გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.
  23. 23
    გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: "ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად,
  24. 24
    და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”.
  25. 25
    თან ეს წერილი მისწერა:
  26. 26
    "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე!
  27. 27
    ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ.
  28. 28
    მინდოდა გამეგო, რაში ადანაშაულებდნენ და სინედრიონში მივუყვანე მათ.
  29. 29
    აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს.
  30. 30
    ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეითქვნენ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშე ილაპარაკონ მასზე. იცოცხლე!”
  31. 31
    ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიამდე.
  32. 32
    მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და თვითონ ციხე-სიმაგრეში დაბრუნდნენ.
  33. 33
    მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს.
  34. 34
    გამგებელმა წაიკითხა წერილი და ჰკითხა, საიდან ხარო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
  35. 35
    "მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ”. და ბრძანა, ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.
იტვირთება შემდეგი თავი