მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1ხუთი დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია. თან მოიყოლა უხუცესები და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი, რომლებმაც გამგებელთან უჩივლეს პავლეს.
- 2როდესაც უხმეს, ტერტულუსმა მისთვის ბრალის დადება დაიწყო და თქვა:
- 3"აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას.
- 4მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოთმინებით.
- 5ჩვენ ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა სექტის წინამძღოლად ვცანით,
- 6რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა; ჩვენც შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა,
- 7მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან,
- 8და მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა, რომ შენ თავად შეგძლებოდა გაგეგო, რაში ვდებთ ბრალს”.
- 9იუდევლებმაც დაადასტურეს; თქვეს, ასეაო.
- 10გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: "ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს.
- 11თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანის საცემად.
- 12არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
- 13შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს.
- 14იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.
- 15და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
- 16ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
- 17მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ერისთვის მოწყალებისა და შესაწირის მოსატანად.
- 18ამგვარად, განწმედილი, ხალხისა და შფოთის გარეშე მნახეს ტაძარში აზიელმა იუდევლებმა;
- 19ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
- 20ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი.
- 21გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომის იმედისათვის განვიკითხები-მეთქი თქვენ წინაშე დღეს?”
- 22რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ფელიქსმა ვადა გადაუდო მათ და უთხრა: ათასისთავი ლისია რომ მოვა, მაშინ განვიხილავო თქვენს საქმეს.
- 23ასისთავს უბრძანა, დაეცვა პავლე, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და არც მისი ახლობლებისთვის აეკრძალა ვინმეს მის საჭიროებებზე ზრუნვა.
- 24რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი მოვიდა, თან თავისი იუდეველი მეუღლე დრუსილა ახლდა. მოუხმო პავლეს და ქრისტე იესოში რწმენის შესახებ გამოკითხა.
- 25პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
- 26თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
- 27ორი წელი რომ შეუსრულდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორციუს ფესტუსი; ფელიქსს იუდევლების მომადლიერება უნდოდა და პავლე პატიმრობაში დატოვა.
იტვირთება შემდეგი თავი