მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს.
- 2ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. თესალონიკელი არისტარქოს მაკედონელიც ჩვენთან იყო.
- 3მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო მეგობრებთან წასულიყო, რათა შემწეობა მიეღო მათგან.
- 4იქიდან გამგზავრებულებმა კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
- 5განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიას მირაში მივედით.
- 6იქ ასისთავმა ალექსანდრიული ხომალდი მონახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
- 7მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.
- 8მას რომ გავცდით, მივადექით "კეთილ ნავსაყუდლად” წოდებულ ადგილს, რომლსაც ქალაქი ლასეა ემიჯნება.
- 9რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
- 10"კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”.
- 11მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის მეპატრონეს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
- 12ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, ამიტომ უმრავლესობამ იქიდან გამგზავრება ისურვა, რომ როგორმე ფინიკიამდე მიეღწიათ და იქ გამოეზამთრათ, კრეტას ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
- 13სამხრეთის ქარმა რომ დაუბერა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, ღუზა ასწიეს და გაცურეს კრეტას გასწვრივ.
- 14მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა,
- 15წარიტაცა ხომალდი და რაკი აღარ შეგვეძლო ქარის გამკლავება, დავნებდით და დაგვაქროლებდა.
- 16ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, რომელსაც კაუდა ერქვა, როგორღაც მოვახერხეთ ნავის შენარჩუნება.
- 17მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
- 18რაკი კვლავ ძლიერად დაგვაქროლებდა ქარიშხალი, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ.
- 19მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
- 20რადგან მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ქარიშხალი ცხრებოდა, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
- 21დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: "კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და არ წამოსულიყავით კრეტადან, ამ ზიანსა და დანაკარგს აღარ ნახავდით.
- 22ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
- 23რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
- 24და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.
- 25ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:
- 26რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”.
- 27ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ.
- 28გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
- 29შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით და კიჩოდან ოთხი ღუზა ჩააგდეს გათენების მოლოდინში.
- 30მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს, და ზღვაში ნავის ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის წინიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზა.
- 31მაშინ, პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: "თუ ისინი ხომალდზე არ დარჩნენ, ვეღარ გადარჩებით”.
- 32მაშინ ჯარისკაცებმა საბელები გადაჭრეს და ნავი ზღვაში ჩავარდა.
- 33სანამ გათენდებოდა, ყველას შეაგონებდა პავლე, საჭმელი ეჭამათ. ეუბნებოდა: "დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელნი ხართ და არაფერი გიგემიათ.
- 34ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება”.
- 35ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
- 36მაშინ ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები.
- 37ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
- 38დანაყრებულებმა, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
- 39რომ გათენდა, სანაპირო ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ არჩიეს ხომალდის შეყენება, თუკი მოახერხებდნენ.
- 40გადაჭრეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, ერთდროულად ახსნეს საჭის თოკები. ქარის საწინააღმდეგოდ მცირე აფრა აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
- 41მეჩეჩს ვეღარ მოერიდნენ და მასზე დაჯდა ხომალდი; ცხვირი უძრავად ჩაერჭო წყალში, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისგან ილეწებოდა.
- 42ჯარისკაცები მზად იყვნენ პატიმრები დაეხოცათ, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
- 43მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება; ბრძანა, ვისაც ცურვა შეეძლო, პირველი გადაშვებულიყო და ხმელეთზე გასულიყო,
- 44დანარჩენები კი - ზოგი ფიცარს მოსჭიდებოდა, ზოგიც - ხომალდის ნამსხვრევებს, რომ როგორმე თავი გადაერჩინათ. ამგვარად, ყველამ მიაღწია ხმელეთს.
იტვირთება შემდეგი თავი