მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
  2. 2
    იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
  3. 3
    პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
  4. 4
    ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”.
  5. 5
    მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.
  6. 6
    ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.
  7. 7
    იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
  8. 8
    პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
  9. 9
    ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
  10. 10
    მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
  11. 11
    სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
  12. 12
    სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ.
  13. 13
    იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ,
  14. 14
    სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.
  15. 15
    იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
  16. 16
    როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
  17. 17
    სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს.
  18. 18
    მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის;
  19. 19
    მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი.
  20. 20
    ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
  21. 21
    მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი.
  22. 22
    მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”.
  23. 23
    დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
  24. 24
    ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
  25. 25
    რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
  26. 26
    მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
  27. 27
    რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
  28. 28
    ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
  29. 29
    ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.
  30. 30
    ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს;
  31. 31
    ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.