მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.
- 2და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
- 3პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
- 4განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
- 5ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
- 6წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
- 7სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
- 8პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.
- 9პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
- 10მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
- 11დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
- 12მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.
- 13დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ.
- 14სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
- 15ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.
- 16იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
- 17აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
- 18დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
- 19მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
- 20"წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
- 21გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
- 22მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,
- 23უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.
- 24ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო.
- 25ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
- 26მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
- 27მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა?
- 28"განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”
- 29მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
- 30ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით;
- 31იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.
- 32ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
- 33ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.
- 34მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
- 35მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
- 36რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.
- 37ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.
- 38ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
- 39ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”
- 40დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.
- 41ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
- 42ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში.
იტვირთება შემდეგი თავი