მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
  2. 2
    მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
  3. 3
    ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.
  4. 4
    ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
  5. 5
    მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
  6. 6
    წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
  7. 7
    ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
  8. 8
    ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
  9. 9
    მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს რომ უწოდებდნენ, აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს.
  10. 10
    მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
  11. 11
    მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: "გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”.
  12. 12
    აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.
  13. 13
    წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
  14. 14
    გავიგონეთ, როგორ ამბობდა, იესო ნაზარეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.
  15. 15
    და ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზისას.
იტვირთება შემდეგი თავი