ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო.
- 2დაეცა და ვეღარ დგება ქალწული ისრაელი! მიწაზე გართხმულა მიტოვებული და არავინაა მისი წამომყენებელი!
- 3რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს ასიღა შერჩა, ასის გამომყვანს, ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.
- 4ასე ეუბნება უფალი ისრაელის სახლს: მეძებეთ, რომ იცოცხლოთ.
- 5ნუ ეძებთ ბეთელს, ნუ წახვალთ გილგალში და ნუ გადახვალთ ბეერ-შებაყში. გილგალი ტყვეობაში წავა და ბეთელი აღმოიფხვრება.
- 6ეძებეთ უფალი, რომ იცოცხლოთ, თუ არა და ცეცხლივით გამოენთება იგი იოსების სახლიდან, შთანთქავს ბეთელს და არავინ იქნება ჩამქრობი.
- 7სამართალს აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ!
- 8მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
- 9რომელიც ძლიერს დაქცევით დაატყდება თავს, რომ დაინგრეს ციხე-სიმაგრე.
- 10შეიძულეს კარიბჭესთან მამხილებელი და შეიზიზღეს წრფელად მოლაპარაკე.
- 11რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.
- 12რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.
- 13ამიტომაც დუმს გონიერი კაცი ასეთ დღეებში, რადგან სიავის ჟამია ეს.
- 14სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ.
- 15ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
- 16ამიტომ, ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა მოედანზე გლოვა იქნება და ყველა ქუჩაზე იკვნესებენ: ვაი, ვაი! მიწათმოქმედს საგოდებლად მოუხმობენ და საგლოვად - მოტირალებს.
- 17ყველა ვენახში იგლოვებენ, რადგან მე გავივლი შენ შორის! - ამბობს უფალი.
- 18ვაი, თქვენ, უფლის დღეს რომ ნატრულობთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელი იქნება ის და არა ნათელი.
- 19როგორც ლომს რომ კაცი გაექცეს და დათვს გადაეყაროს, ან სახლში მივიდეს, კედელს ხელით მიეყრდნოს და გველმა უკბინოს.
- 20განა ბნელი არ იქნება უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადი იქნება, შუქის ნატამალი არ იქნება მასში.
- 21მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიამოვნებს თქვენი ზეიმები.
- 22აღარ მივიღებ თქვენს სრულადდასაწველებსა და ძღვენს; არც კი შევხედავ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ.
- 23მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს.
- 24მაგრამ წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ - დაუშრეტელ ნაკადულივით.
- 25განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე, ისრაელის სახლო?
- 26დაატარებდით მოლოქს, თქვენს მეფეს და თქვენი ღმერთის რეფანის ვარსკვლავებს, თქვენთვის რომ გაიკეთეთ.
- 27ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ! - ამბობს უფალი - ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
იტვირთება შემდეგი თავი