ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.
- 2გაიარეთ ქალნეში და ნახეთ, მერე დიდ ხამათში გადადით და ჩადით ფილისტიმელთა გათში. უკეთესნი ხართ ამ სამეფოებზე? განა მათი საზღვრები თქვენს საზღვრებზე დიდია?
- 3ცდილობთ, რომ გადაწიოთ უბედურების დღე, და იახლოვებთ ძალადობის ზეიმს!
- 4სპილოსძვლის სარეცლებზე განრთხმულხართ და თქვენს საწოლებზე ნებივრობთ, საუკეთესოს მიირთმევთ ფარიდან და ნასუქალ ხბოებს.
- 5ქნარის ხმაზე მღერით და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.
- 6თასებით მიირთმევთ ღვინოს, საუკეთესო ნელსაცხებლებს იცხებთ, იოსების უბედურება კი არ გაწუხებთ.
- 7ამიტომ პირველნი წახვალთ ტყვეობაში და გულარხეინთა ღრეობა გადაივლის.
- 8თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
- 9და იქნება: ათი კაციც რომ დარჩნენ ერთი გვარიდან, ისინიც დაიხოცებიან.
- 10და აიყვანს კაცს მისი ჭირისუფალი ან ნათესავი, რომ გაიტანოს მისი ძვლები სახლიდან და ჰკითხავს სახლში დამალულს: არის კიდევ ვინმე შენთანო? უპასუხებს: ცოცხალია უფალი, არავინო! და ეტყვის: ჩუმად, რადგან არ უნდა იხსენებოდეს უფლის სახელი!
- 11რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დასცემს დიდ სახლს ნატეხებად და პატარას - ნამსხვრევებად.
- 12განა ირბენს ცხენი კლდეებზე? განა მოიხვნება კლდე ხარებით? გესლად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.
- 13ამაო ნივთებით ხარობთ და გაიძახით: განა ჩვენი შეძლებით არ ავიმაღლეთო რქანი?
- 14ხალხს გამოვიყვან შენზე, ისრაელის სახლო, - ამბობს ცაბაოთ უფალი - რომელიც დაგჯაბნის ხამათის შესასვლელიდან ყარაბას წყაროებამდე.
იტვირთება შემდეგი თავი