ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
- 2და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
- 3გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა.
- 4და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო.
- 5ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
- 6გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა ღმერთმა.
- 7ასეთი ხილვა მომცა: აჰა, აღმართულ კედელთან იდგა უფალი და შვეული ეჭირა ხელში.
- 8მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვუპასუხე: შვეულს. თქვა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ხალხის, ისრაელის შუაგულში და მეტად აღარ დავინდობ.
- 9ისაკის მაღლობები გაუკაცურდება, ისრაელის საწმიდრები ნანგრევებად იქცევა, მახვილით აღვდგები იერობყამის სახლზე.
- 10ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, შეუთვალა იერობყამს, ისრაელის მეფეს. აუწყა: შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლის შუაგულში; მიწა ვერ აიტანს მის ყველა სიტყვას.
- 11ასე ამბობს ამოსი: იერობყამი მახვილით მოკვდება, ხოლო ისრაელი უსათუოდ ტყვეობაში წავაო თავისი ქვეყნიდან.
- 12უთხრა ამაციამ ამოსს: წინასწარმეტყველო, წადი, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
- 13ნუღარ იწინასწარმეტყველებ ბეთელში, რადგან, აჰა, მეფის საწმიდარი და სამეფო სახლია ის.
- 14მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი, მეჯოგე ვარ და ლეღვს ვუვლი.
- 15მაგრამ წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.
- 16ახლა მოისმინე უფლის სიტყვა: შენ ამბობ, ნუ იწინასწარმეტყველებ ისრაელის წინააღმდეგ და ნუ ილაპარაკებო ისაკის სახლის წინააღმდეგ.
- 17ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი ქალაქში იმეძავებს, ხოლო შენი ძენი და შენი ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება და უწმიდურ მიწაზე მოკვდები; ისრაელი კი უსათუოდ ტყვეობაში წავა თავისი მიწიდან.
იტვირთება შემდეგი თავი