ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, კალათა იყო მწიფე ხილით სავსე.
- 2მითხრა: რას ხედავ, ამოს? მივუგე: კალათას, ზაფხულის ხილით სავსეს. მითხრა უფალმა: მოვიდა ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრული. მეტად აღარ ვაპატიებ.
- 3გოდებად იქცევა ტაძრის სიმღერები იმ დღეს, - ამბობს უფალი ღმერთი, - უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.
- 4გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო,
- 5რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.
- 6ვერცხლით ვიყიდოთ უმწეონი და გაჭირვებული - წყვილი ქალამნით; რათა მონარჩენი მარცვლეულიც გავყიდოთ.
- 7იაკობის დიდება დაიფიცა უფალმა: უკუნისამდე არ დავივიწყებ არცერთ მათ საქმეს.
- 8განა არ უნდა შეიძრას მიწა ამის გამო და არ უნდა იგლოვოს ყოველმა მისმა მკვიდრმა?! აზვირთდება იგი და კვლავ უკან დაიხევს, როგორც ეგვიპტის მდინარე.
- 9და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი ღმერთი - შუადღის მზეს ჩავიყვან და მთელ დღეს დავაბნელებ ქვეყანას.
- 10თქვენს დღესასწაულებს გლოვად ვაქცევ და თქვენს ყველა სიმღერას - გოდებად! ყველას ძაძას ჩავაცმევ და ყველა თავი გადაიპარსება; ქვეყანას ერთადერთ ძეზე მგლოვიარესავით ვაქცევ და მისი ბოლო მწარე დღე იქნება.
- 11აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი ღმერთი - შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.
- 12იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.
- 13ღონე გამოეცლებათ იმ დღეს წყურვილისგან მშვენიერ ქალწულთ და ჭაბუკთ,
- 14სამარიის ურჯულოებას რომ იფიცებენ და ამბობენ - ცოცხალიაო შენი ღმერთი, დან! და - ცოცხალიაო ბეერ-შებას გზა! დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.
იტვირთება შემდეგი თავი