ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი. მითხრა: ბუღაურებს დაჰკარი, რომ შეირყეს ზღურბლის ძელნი და თავზე დაემხოს ყველას; მათგან გადარჩენილთ მახვილით მოვსრავ, ვერსად გაიქცევა გამქცევი, მათგან ვერავინ გადარჩება.
- 2ქვესკნელშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან.
- 3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და წამოვიყვან; ზღვის ფსკერზეც რომ მიეფარონ ჩემს თვალს, იქ ვუბრძანებ გველს და დაგესლავს მათ.
- 4ტყვედ რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, მახვილს ვუბრძანებ, რომ იქ ამოხოცოს ისინი. საბოროტოდ დავადგამ თვალს და არა სასიკეთოდ.
- 5ადონაი, ცაბაოთ უფალი, მიწას რომ ეხება, დნება იგი და ტირის ყოველი მისი მკვიდრი. ნილოსივით მაღლა აიწევს და ეგვიპტის მდინარესავით დაბლა დაიწევს.
- 6ცაში აიშენა თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა კამარა; ზღვის წყლებს მოუხმობს და მიწის ზედაპირზე მოღვრის. უფალია მისი სახელი.
- 7განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელის ძენო? - ამბობს უფალი - განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
- 8აჰა, უფალი ღმერთის თვალები ცოდვილ სამეფოზეა და მე აღვგვი მას მიწის პირისაგან; ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს! - ამბობს უფალი.
- 9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
- 10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ხალხში, რომელიც ამბობს: არ გვეწევა და არ შეგვხვდებაო ბოროტება.
- 11იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო,
- 12რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ერს, რომლებიც ჩემი სახელით იწოდებიან! - ამბობს უფალი, ამის მომქმედი.
- 13აჰა, დგება დღეები, - ამბობს უფალი, - როცა მხვნელი წამოეწევა მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ტკბილ ღვინოს ჩამოწვეთენ მთები და ყველა ბორცვი დადნება.
- 14ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს - ისრაელს, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს ააშენებენ და იქ იცხოვრებენ; ვენახებს ჩაყრიან და მათ ღვინოს დალევენ, ბაღებს გააშენებენ და მათ ნაყოფს შეჭამენ.
- 15თავიანთ მიწაზე დავნერგავ მათ და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, მათ რომ მივეცი! - ამბობს უფალი, შენი ღმერთი.