დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    იუდას მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე გამოილაშქრა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და ალყა შემოარტყა მას.
  2. 2
    ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილთან ერთად; წაიღო მეფემ ჭურჭლეული შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა.
  3. 3
    უბრძანა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთუხუცესს, რომ მიეგვარა მისთვის ისრაელის ძენი სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან;
  4. 4
    უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ.
  5. 5
    და განუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის რჩეული სუფრიდან და იმ ღვინიდან, თვითონ რომ სვამდა. ბრძანა, სამი წლის განმავლობაში განესწავლათ ისინი და მერე წარედგინათ მეფისთვის.
  6. 6
    იყვნენ მათ შორის იუდას ძეთაგან: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
  7. 7
    საჭურისთუხუცესმა სახელები შეუცვალა მათ: დანიელს ბელტეშაცარი დაარქვა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი და ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
  8. 8
    გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.
  9. 9
    მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთუხუცესის თვალში.
  10. 10
    უთხრა საჭურისთუხუცესმა დანიელს: "მეშინია ჩემი ბატონი მეფის, რომელმაც განაწესა თქვენი საჭმელ-სასმელი. თუ დაინახა, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ხომ დავდანაშაულდები მეფის წინაშე”.
  11. 11
    უთხრა დანიელმა მეთვალყურეს, საჭურისთუხუცესმა რომ მიუჩინა დანიელს, ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას:
  12. 12
    "გთხოვ, ათი დღის განმავლობაში გამოსცადო შენი მსახურნი; საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად - წყალი.
  13. 13
    მერე კი შეადარე ჩვენი პირისახე იმ ყმაწვილების პირისახეს, მეფის რჩეული ულუფიდან რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოექეცი შენს მსახურთ”.
  14. 14
    უსმინა მათ ნათქვამს და ათ დღეს ამოწმებდა.
  15. 15
    ათი დღის თავზე დაინახა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანსაღები იყვნენ, ვიდრე ყმაწვილები, მეფის რჩეულ ულუფას რომ ჭამდნენ.
  16. 16
    ამის შემდეგ მეთვალყურეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და დასალევი ღვინო, მხოლოდ ბოსტნეულს აძლევდა.
  17. 17
    და მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ყოველი წიგნის შემეცნების ნიჭი, გონიერება და სიბრძნე; დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის განმარტებაც შეეძლო.
  18. 18
    ის დღეები რომ ამოიწურა, რაც მათ განსასწავლად დანიშნა მეფემ, საჭურისთუხუცესმა ნაბუქოდონოსორს წარუდგინა ისინი.
  19. 19
    ელაპარაკა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი; და შეუდგნენ მეფის წინაშე სამსახურს.
  20. 20
    ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.
  21. 21
    მეფე კიროსის გამეფების პირველ წლამდე იყო იქ დანიელი.
იტვირთება შემდეგი თავი