დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.
- 2და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
- 3უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
- 4არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
- 5მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
- 6მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
- 7მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
- 8უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
- 9ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
- 10უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
- 11რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
- 12ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
- 13გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
- 14მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.
- 15მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.
- 16მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.
- 17დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,
- 18რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.
- 19მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
- 20და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.
- 21ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
- 22აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
- 23გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
- 24მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.
- 25მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
- 26მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”
- 27მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.
- 28მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
- 29ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
- 30მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
- 31აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.
- 32თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,
- 33წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.
- 34უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.
- 35მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.
- 36ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:
- 37აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.
- 38ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.
- 39შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.
- 40მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;
- 41როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.
- 42როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.
- 43ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.
- 44იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.
- 45შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.
- 46მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.
- 47მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
- 48და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.
- 49დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.
იტვირთება შემდეგი თავი