დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1დიდი ნადიმი გაუმართა მეფე ბელშაცარმა თავის ათას დიდებულს და იმ ათასთან ერთად სვამდა ღვინოს.
- 2იგემა რა ღვინო, ბელშაცარმა მისთვის ოქროსა და ვერცხლის იმ ჭურჭლის მოტანა ბრძანა, მამამისმა, ნაბუქოდონოსორმა რომ გამოიტანა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა იქიდან ესვათ მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს.
- 3და მოიტანეს ოქროს ის ჭურჭელი, რომელიც იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან იყო გამოტანილი; და იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და მისი ხარჭები.
- 4ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.
- 5სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სალამპრეს წინ, სამეფო სასახლის კირით შელესილ კედელზე წერა დაიწყეს; და ხედავდა მეფე ხელის მტევანს, რომელიც წერდა.
- 6გაფითრდა მეფე, ფიქრები აერია, წელის სახსრები მოუდუნდა და მუხლები აუკანკალდა.
- 7ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები და მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: "კაცი, რომელიც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას მაუწყებს, მეწამულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ჩემს სამეფოში მესამე მთავარი გახდება”.
- 8და მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის განმარტება ვერავინ შეძლო.
- 9ფრიად შეშფოთდა მეფე ბელშაცარი და უფრო მეტად გაფითრდა; აფორიაქდნენ მისი დიდებულნი.
- 10დედოფალი კი, მეფისა და დიდებულების ლაპარაკის ხმაზე სანადიმო სახლში შევიდა. თქვა დედოფალმა: "მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაშინებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი სახეზე.
- 11არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.
- 12რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.
- 13და მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. ჰკითხა მეფემ დანიელს: "შენ ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?
- 14გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია.
- 15ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მოვაყვანინე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.
- 16მსმენია, რომ განმარტება და კვანძების გახსნა შეგიძლია. თუ ამ წარწერას წაიკითხავ და მის მნიშვნელობას ამიხსნი, მეწამულით შეგმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და ჩემს სამეფოში მესამე მთავრად გაგხდი!”
- 17უპასუხა დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: "შენი ძღვენი შენვე გქონდეს, საჩუქრებიც სხვას მიეცი. წარწერას მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ.
- 18მეფევ, უზენაესმა ღმერთმა სამეფო, სიდიადე, დიდება და პატივი უბოძა ნაბუქოდონოსორს, მამაშენს;
- 19იმ სიდიადის გამო, ღმერთმა რომ მისცა, ყველა ხალხი, ტომი და ენა კანკალებდა და შიშობდა მის წინაშე. ვისაც უნდოდა ჰკლავდა და ვისაც უნდოდა ცოცხალს უშვებდა, ვისაც უნდოდა აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა ამცირებდა.
- 20მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.
- 21განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.
- 22შენ, მისმა ძემ, ბელშაცარმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი;
- 23პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.
- 24ამიტომ გამოგზავნა ხელი და დაწერა ეს სიტყვები:
- 25აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ”.
- 26აი, ამ სიტყვების განმარტება: მენე - აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო;
- 27თეკელ - აიწონე სასწორზე და მსუბუქი აღმოჩნდი;
- 28ფერეს - დანაწევრდა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი”.
- 29მაშინ ბრძანა ბელშაცარმა და შემოსეს დანიელი მეწამულით, ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს კისერზე და გამოაცხადეს, რომ სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა.
- 30იმ ღამეს მოკლეს ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
- 31და სამოცდაორი წლის დარიოს მიდიელმა მიიღო სამეფო.
იტვირთება შემდეგი თავი