დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1საჭიროდ ჩათვალა დარიოსმა, რომ ას ოცი სატრაპი დაეყენებინა თავის სამეფოზე, მთელ სახელმწიფოში რომ ყოფილიყვნენ.
- 2მათ ზემდგომ კი სამი მთავარი დანიშნა, მათ შორის დანიელი პირველი იყო. სატრაპებს ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მათთვის, რათა მეფე არ დაზარალებულიყო.
- 3მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას.
- 4ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.
- 5მაშინ თქვეს იმ კაცებმა: "ვერავითარ მიზეზს ვერ ვუპოვით დანიელს, თუ ისევ მისი ღმერთის რჯულში არ მოვუნახეთ რაიმე”.
- 6შეიკრიბნენ მთავარნი და სატრაპნი მეფესთან და უთხრეს: "მეფე დარიოს, იცოცხლე საუკუნოდ!
- 7მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
- 8ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!”
- 9და ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა აკრძალვის წერილს, ყოველივე ამის შემდეგ.
- 10როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.
- 11შეიკრიბნენ ის კაცები და თავს წაადგნენ დანიელს, რომელიც ლოცულობდა და წყალობას ითხოვდა თავისი ღმერთის წინაშე.
- 12მერე მიეახლნენ და ელაპარაკნენ მეფეს სამეფო ბრძანებაზე: "განა შენ არ გაეცი ბრძანება, რომ ყოველი, ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან ადამიანს შენ გარდა, მეფევ, რაიმეს შესთხოვდა, ლომების ხაროში იქნებოდა ჩაგდებული?” თქვა მეფემ: "ჭეშმარიტია ეგ ბრძანება, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ დაირღვევა!”
- 13მაშინ მიუგეს მათ და ილაპარაკეს მეფის წინაშე: "დანიელი, რომელიც გადმოსახლებული იუდევლების ძეა, არც შენ გაქცევს ყურადღებას, მეფევ, და არც იმ ბრძანებას, რომელიც გამოეცი; დღეში სამჯერ შესთხოვს ღმერთს თავის სათხოვარს!”
- 14ეს ამბავი რომ მოისმინა, შეწუხდა მეფე; გულში დანიელის გადარჩენა ჩაიდო და მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
- 15მაგრამ მიადგნენ ეს კაცები მეფეს და ჯიუტად ეუბნებოდნენ: "მეფევ! მიდიელთა და სპარსთა წესია, რომ მეფის მიერ გამოცემული არცერთი ბრძანება და კანონი არ უნდა შეიცვალოს!”
- 16მაშინ ბრძანა მეფემ, მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. და უთხრა მეფემ დანიელს: "შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის შენ!”
- 17მოიტანეს დიდი ქვა, პირზე დააფარეს ხაროს და მეფისა და დიდებულთა ბეჭდებით დაბეჭდეს, რათა რაიმე არ შეცვლილიყო დანიელის მიმართ.
- 18წავიდა მეფე თავის სასახლეში და მარხვით გაათია ღამე, არც გართობა მოინდომა და ვერც დაიძინა.
- 19გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.
- 20მიუახლოვდა თუ არა ხაროს, შეწუხებული ხმით ჩასძახა დანიელს: "დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, შესძლო შენმა ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?”
- 21მიუგო დანიელმა: "უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!
- 22თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!”
- 23ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოეყვანათ დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.
- 24მაშინ ბრძანა მეფემ და მიიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ სდებდნენ ბრალს; და ჩაყარეს ლომების ორმოში თვითონ, მათი ძენი და მათი ცოლები; ჯერ ორმოს ფსკერამდეც არ მიეღწიათ, რომ ეცნენ ლომები და ძვლები დაულეწეს.
- 25მაშინ მეფე დარიოსმა ყველა ხალხს, ერსა და ყოველ ენაზე მოლაპარაკეს მისწერა, ვინც კი ცხოვრობდა ქვეყანაზე: "დაე, მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
- 26ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.
- 27ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.
- 28წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.
იტვირთება შემდეგი თავი