დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.
- 2ალაპარაკდა დანიელი და თქვა: "ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აღელვებდა.
- 3ზღვიდან ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიდი მხეცი ამოვიდა.
- 4პირველი ლომის მსგავსი იყო და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, ვიდრე ფრთები დააწყდებოდა; იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
- 5აჰა, მეორე მხეცი დათვის მსგავსი იყო, ცალ გვერდზე იდგა და სამი ეშვი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს: "ადექი და ჭამე ბევრი ხორცი”.
- 6შემდეგ დავინახე და აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, რომელსაც ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა; ოთხი თავი ჰქონდა მხეცს და მიეცა მას ხელმწიფება.
- 7ამის შემდეგ აჰა, მეოთხე მხეცს ვხედავ ჩემს ღამის ხილვაში, საშინელს, საზარელს და ძალზე ძლიერს, რომელსაც რკინის დიდი კბილები ჰქონდა. ჭამდა იგი, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს. ყველა წინა მხეცისგან გამოირჩეოდა და ათი რქა ჰქონდა.
- 8დავაკვირდი ამ რქებს და, აჰა, სხვა პატარა რქა ამოვიდა მათ შორის და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოაგდო. და აჰა, კაცის თვალების მსგავსი თვალები ჰქონდა ამ რქას და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
- 9ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
- 10ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.
- 11აჰა, ვხედავდი მაშინ, რომ ჩემ თვალწინ იქნა მოკლული ის მხეცი, იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, შემუსვრილ იქნა მისი გვამი და ცეცხლს მიეცა დასაწვავად.
- 12დანარჩენ მხეცებს წაერთვათ ხელმწიფება, სიცოცხლე კი მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
- 13და ვხედავ ღამის ხილვაში: აჰა, ცაში, ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი; მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
- 14მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
- 15შემიწუხდა სული მე, დანიელს, სხეულის შიგნით და ჩემმა ხილვებმა შემაშფოთეს.
- 16მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. და განმიმარტა მან ეს ამბები და ამიხსნა მნიშვნელობა.
- 17"ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც მიწიდან აღდგებიან.
- 18მაგრამ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ მას, უკუნითი უკუნისამდე”.
- 19მაშინ მეოთხე მხეცის ნამდვილი მნიშვნელობის გაგება მოვინდომე, რომელიც ყველასგან განსხვავებული და მეტად საშინელი იყო, თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით რომ ჭამდა, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს;
- 20იმ ათი რქის მნიშვნელობის გაგებაც მოვინდომე, თავზე რომ ჰქონდა; იმ სხვა რქისაც, რომელიც ამოვიდა და სამი რქა ამოაგდო; იმ რქას ჰქონდა თვალები და ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი და შესახედავად სხვებზე დიდი იყო.
- 21ვხედავდი, ის რქა როგორ შეებრძოლა წმიდანებს და მანამდე ჯაბნიდა მათ,
- 22ვიდრე მოვიდოდა დღეთა უძველესი და უზენაესის წმიდანებს გადასცემდა სამსჯავროს. დადგა დრო და წმიდანები დაეუფლნენ სამეფოს.
- 23ასე თქვა: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება დედამიწაზე, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა სამეფოსგან და მთელ დედამიწას გადაჭამს, გათელავს და შემუსრავს.
- 24ათი რქა კი იმ სამეფოდან აღმდგარი ათი მეფეა. მათ შემდეგ სხვა გამოვა, განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამხობს.
- 25უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, დადგენილი დროებისა და რჯულის შეცვლას განიზრახავს. მის ხელთ გადაეცემა ისინი, ვიდრე არ გავა დრო, ორი დრო და ნახევარი დრო.
- 26შემდეგ დაჯდება სამსჯავრო განსასჯელად და ხელმწიფებას წაართმევს მას, რათა საბოლოოდ მოისპოს და განადგურდეს.
- 27მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ხალხს, წმიდანებს მიეცემათ, მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება, ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.
- 28აქ არის გამოცხადების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ფრიად შემაშფოთა და სახე გამიფითრა, მაგრამ ეს ამბავი გულში შევინახე”.
იტვირთება შემდეგი თავი