დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.
- 2ვხედავდი ხილვაში, რომ დედაქალაქ შუშანში ვიყავი, რომელიც ყელამის ოლქშია; ვხედავდი ხილვაში, რომ მდინარე ყულაის ნაპირზე ვიდექი.
- 3აღვაპყარი თვალები, გავიხედე და, აჰა, ვერძი იდგა მდინარის პირთან; ორი რქა ჰქონდა, ორივე გრძელი, მაგრამ ერთი უფრო გრძელი იყო მეორეზე; გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
- 4დავინახე, რომ ირქინებოდა ვერძი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით; ვერც ერთი მხეცი ვერ უდგებოდა წინ, არ იყო ხსნა მისი ხელიდან, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
- 5ვაკვირდებოდი და, აჰა, ვაცი გამოვიდა დასავლეთიდან მთელი დედამიწის ზურგზე, ისე რომ მიწას არ ეხებოდა; და თვალსაჩინო რქა ჰქონდა ვაცს თვალებს შორის.
- 6მიიჭრა იმ რქიან ვერძთან, მე რომ ვნახე მდინარის პირთან მდგომი, გაექანა მისკენ და მძვინვარედ ეკვეთა.
- 7დავინახე როგორ მიადგა ვერძს, როგორ გაშმაგებით ეკვეთა მას, ორივე რქა მოსტეხა და განგმირა ვერძი. ძალა არ ეყო ვერძს, რომ წინააღმდეგობა გაეწია, მიწას დაენარცხა და გაითელა. არავინ იყო მისი ხელიდან ვერძის მხსნელი.
- 8ფრიად განდიდდა ვაცი და როცა გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოვიდა, ცის ოთხი ქარისკენ მიმართული.
- 9ერთი მათგანიდან გამოვიდა პატარა რქა და მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
- 10ცის მხედრობამდე განდიდდა, დედამიწაზე დაანარცხა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა.
- 11იმ მხედრობის მთავრამდეც კი აღზევდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დაემხო მისი საწმიდრის ადგილი.
- 12და მუდმივ მსხვერპლთან ერთად მხედრობაც გადაეცა დანაშაულის გამო. მიწაზე დაანარცხა მან ჭეშმარიტება, თავის ნებისამებრ მოქმედებდა და წარმატებული იყო.
- 13გავიგონე, ერთი წმიდის ლაპარაკი, და მეორე წმიდა ეკითხებოდა მოლაპარაკეს: "როდემდე გაგრძელდება ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლსა და გატიალების სიბილწეზე, ანდა როდემდე იქნება ნებადართული საწმიდრისა და მხედრობის გათელვა?”
- 14მან მითხრა: "ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”.
- 15რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე.
- 16მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: "გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.
- 17მოუახლოვდა იგი ჩემს სადგომს და ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხე. მითხრა: "ძეო კაცისავ, იცოდე, რომ ჟამთა აღსასრულს ეხება ხილვა”.
- 18სანამ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს, მაგრამ შემეხო და დამაყენა ჩემს ადგილზე.
- 19მითხრა: "აჰა, გაუწყებ, რაც მრისხანების ბოლოს მოხდება, რადგან განსაზღვრული დროის დასასრულს ეხება ეს.
- 20ვერძი რომ იხილე ორი რქით, მიდიელთა და სპარსთა მეფენი არიან.
- 21ბანჯგვლიანი ვაცი კი საბერძნეთის მეფეა; ხოლო დიდი რქა მის თვალთა შორის პირველი მეფეა.
- 22გადატყდა იგი და სხვა ოთხი ამოვიდა მის ნაცვლად: ოთხი სამეფო აღდგება ამ ხალხებიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ.
- 23მათი მეფობის ბოლოს, როცა ბოლომდე აღასრულებენ თავიანთ უმართლობას, თავხედი და მზაკვრობაში გამოცდილი მეფე აღდგება.
- 24დიდი იქნება თავის ძლევამოსილებაში, თუმცა არა საკუთარი ძალით, უჩვეულო განადგურებით გაანადგურებს და წარმატებულად იმოქმედებს; გაანადგურებს ძლიერ და წმიდა ხალხს.
- 25ხელთ იპყრობს წარმატებას თავისი მზაკვრული ცბიერების მეშვეობით და აღზევდება საკუთარ გულში; მრავალს გაანადგურებს უსაფრთხო ჟამს და მეფეთ მეფესაც აუმხედრდება, თუმცა, დაემხობა და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
- 26ხილვა მწუხრებისა და ცისკრებისა, რაც ითქვა, ჭეშმარიტია და დაიმარხე ეს ხილვა შენს გულში, ვინაიდან შორეულ დღეებს ეხება იგი”.
- 27მე, დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ბოლოს ავდექი და მეფის საქმეებს მივყავი ხელი. გაოცებული ვიყავი ხილვით და არავინ იყო გამგები.
იტვირთება შემდეგი თავი