დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
- 2მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
- 3პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
- 4ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
- 5აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
- 6ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
- 7სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
- 8უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
- 9უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
- 10ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
- 11დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
- 12დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
- 13როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
- 14ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
- 15ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
- 16უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
- 17ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
- 18ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
- 19უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
- 20ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
- 21ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
- 22შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
- 23შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
- 24სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
- 25ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
- 26სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
- 27იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
იტვირთება შემდეგი თავი